უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას სჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები.
კულებას თქმით, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო იერიშს ზაპოროჟიეს წინააღმდეგ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეში, საცხოვრებელ უბნებზე 12 დარტყმა განახორციელეს.
"უკრაინას სჭირდება მეტი თანამედროვე საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები უდანაშაულო სიცოცხლის გადასარჩენად. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ მოწოდება," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინის ცნობით, გვიან ღამით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. პირველადი მონაცემებით, შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.
ქალაქ ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაიყვანეს 49 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვია. დაშავებულთაგან 35-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კურტევის თქმით, თავდასხმის შედეგად დაინგრა 5 კერძო სახლი და დაზიანდა ათობით საცხოვრებელი კორპუსი და ქალაქის ინფრასტრუქტურა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.