logo
ENG



კუჭავა ენმ-ს "ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაში" ადანაშაულებს

03 დეკ 202013:19
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/03/536yy7vu1b4bzqq.png

ქართული ოცნების სპიკერმა კახა კუჭავამ სპეციალურ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს ესხმის თავს და ოპოზიციურ პარტიას "ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა" უწოდა. 

"არ წყდება შეტევები ჩვენი მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და ამას ახორციელებს პროდასავლურობას ამოფარებული, მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში, ცხადია ჩვენ ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე", - ამბობს კუჭავა. 

კუჭავამ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიის მიმართ მძიმე რიტორიკა განაგრძო, პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას კრიმინალი უწოდა და მას ამერიკის ელჩზე თავდასხმაში დასდო ბრალი. 

"ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთხელ მხილებული ნიკა მელიას განცხადება, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტი-დასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს", - განაცხადა კუჭავამ. 

მისი თქმით, "ასეთი ადამიანები" თავისუფალი სამყაროს წარმომადგენელთა სრულუფლებიან ელჩებზე თავდასხმის გზით ცდილობენ არჩევნებში გამარჯვებულები დამარცხებულებად გამოაცხადონ და პირიქით. 

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს, თუმცა კუჭავას მტკიცებით, ოპოზიციამ იცის, რომ სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებში დამარცხდა. 

"კვლავ სიცრუით და ძალადობით ცდილობენ შეცვალონ მათთვის არასახარბიელო რეალობა და უტიფრად ითხოვენ მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან", - ამბობს კუჭავა. 

მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ "ყველას მისცა შანსი", დაბრუნებოდნენ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს, დესტრუქციული და ძალადობრივი მოქმედებების ნაცვლად. 

კუჭავამ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, სამოქალაქო ორგანიზაციას და ქართულ საზოგადოებას მოუწოდა, დააფიქსირონ პოზიცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ანტიდასავლური განწყობების დათესვის შესახებ. 

"კიდევ ერთხელ მოუწოდონ ყველას, რომ თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმებისგან", - ამბობს კუჭავა. 

უახლოეს მომავალში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს. ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით უკვე გამართული 2 რაუნდის შემდეგ ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია: ხელახალი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო მანდატებს ბოიკოტს უცხადებს. 

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე არ წავლენ. 

იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების პროცესში კომპრომისული შეთანხმება ვერ მოხდა, საქართველოს, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება.  

 

 


close დახურვა