‘უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ’/ ‘უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’ ანუ იგივე ‘რუსული კანონის’ შესახებ ქვემოთ (ქართულ ენაზე) იხილეთ ჩემი, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და თსუ-ში ევროპისმცოდნეობის (European Studies) ინგლისურენოვანი სადოქტორო, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების დამფუძნებლის განცხადება:
ნათელია, რომ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტები ‘უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ’/’უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’ , მათი ნებისმიერი ფორმით მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოებას მძიმე ტვირთად დააწვება, რაც საბოლოო ჯამში მის არსებითად დასუსტებას და განადგურებას გამოიწვევს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის გათვალისწინებით ტერმინი ‘აგენტი’ ქართულ საზოგადოებაში ნეგატიური კონოტაციის მატარებელია და პირდაპირ უკავშირდება მტრული სახელმწიფოს ინტერესების გატარებას საქართველოს ინტერესების საზიანოდ. არასამთავრობო სექტორის იძულება, რომ დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, მათ ‘სამოშობლოს მოღალატეებად’ სტიგმატიზებას გამოიწვევს, რაც ცალსახად პატივისა და ღირსების შემლახველია.
თუმცა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე კანონპროექტის შინაარსში იმალება. ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ობიექტური მიზეზის გარეშე დაუგეგმავი მონიტორინგის უფლებამოსილება (მათ შორის, პირადი მონაცემების გამოთხოვის გზით) და დისპროპორციულად დიდი ფულადი ჯარიმების დაკისრების დიკრეცია - სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში რეპრესიულ იარაღს ქმნის, რომელიც გარდაუვალად დააპარალიზებს სამოქალაქო სექტორის საქმიანობას და არ მისცემს მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების დროულად და ეფექტურად იმპლემენტაციის საშუალებას. რისკი დიდია, რომ რუსეთის ფედერაციის გამოცდილების მსგავსად, საქართველოში აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ მოხდება სახელმწიფოს ცალკეული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსაზრებების ჩახშობა და სამოქალაქო სექტორის ქსოვილის შეუქცევადად დაზიანება.
ბოლოს, ხაზი მინდა გავუსვა დარეგისტრირებული კანონპროექტების ყველაზე საშიშ ასპექტს. მათი დასავლური ანალოგიებისგან განსხვავებით, კანონმდებლის მიზანი არ არის მტრული სახელმწიფოს,- (ჩვენ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული),- გავლენის კონტროლი და შესუსტება. სამწუხაროდ, კანონპროექტის წარდგენის დრო, კონტექსტი, მისი შინაარსისა და ავტორთა დისკურსის ანალიზი სხვა დასკვნის საფუძველს არ ტოვებს გარდა იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ კანონმდებლის მიზანია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა, რომლებსაც საქართველოს სტრატეგიული დასავლელი პარტნიორები აფინანსებენ (მაგალითად ევროკავშირი, ამერიკის შეერთებლი შტატები და სხვა დასავლელი დონორები) ქვეყანაში დემოკრატიცაზიის გაძლიერებისა და ევროიპეიზაციის მიზნებისთვის. შესაბამისად, დარეგისტრირებული კანონპროექტების რაიმე ფორმით მიღება დაუშვებელია, რათა დავიცვათ და პატივი ვცეთ საქართველოს მოქალქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
ნინო ლაპიაშვილი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ში ევროპისმცოდნეობის (European Studies) ინგლისურენოვანი სადოქტორო, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების დამფუძნებელი