logo
ENG



ლატვია კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ რუსეთის 10 მოქალაქეს სანქციებს უწესებს

17 აპრ 202321:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/17/iz0errwbv4mo03e.jpg

ლატვია კარა-მურზას საქმესთან დაკავშირებულ რუსეთის 10 მოქალაქეს სანქციებს უწესებს და ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი Twitter-ზე წერს და სანქციების დაწესებისკენ ევროკავშირსაც მოუწოდებს.

"ვგმობ უსამართლო და მკაცრ სასჯელს გამოჩენილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ, რომელიც რუსეთის სასამართლომ დღეს გამოაცხადა. გადავწყვიტე, სამოგზაურო აკრძალვა დავაწესო 10 რუსი პირის წინააღმდეგ, რომლებიც ამ ყალბი საქმის თანამონაწილეები არიან. მოვუწოდებ ევროკავშირსაც, დააწესოს სანქციები"- წერს რინკევიჩი.

რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.

კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".


close დახურვა