„ერთ-ერთი, რაშიც ამ მთავრობას ვადანაშაულებ, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება მთლიანად გაწია გვერდზე“, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა.
როგორც ღამბაშიძემ განმარტა, ხელისუფლებამ მოქალაქეებს საკუთარი თავის განცდა დააკარგინა და დაუკარგა მოტივაცია იმისა, რომ ქვეყნისთვის ერთიანი ძალებით რაიმე სასიკეთო გააკეთონ.
„ბევრ ნაწილში, რაც საზოგადოებრივი უნდა იყოს, „ქართულმა ოცნებამ“ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ბევრი რამის ოკუპაციაც მოახდინა. ყველაზე ცუდი რაც გააკეთა, არის ის, რომ მოქალაქეს დააკარგინა საკუთარი თავის განცდა როგორც მოქალაქის. დღეს ვეღარ ვხედავ, რომ ადამიანების ჯგუფებს აქვთ მოტივაცია, რომ მოდი დავორგანიზდეთ და რამე გავაკეთოთ ერთად ამ ქვეყნისთვის. ამაში პირდაპირ მთავრობას ვადანაშაულებ. ისევ ძველ მოდელზე გადავედით, ამბობს ბელადი, იმეორებს პარტია და მოქალაქეები შევცქერით. ეს არის დრამა, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ერთ-ერთი ჩემი ხედვა არის ის, რადგან მთავრობა განათლებაში თავად არ აქტიურობს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ისეთ თაობას აღზრდის თვითონ, რომელიც თვითკრიტიკულად განიხილავს თავად მას, მაგრამ ვხედავ იმას, რომ ბევრი ახალგაზრდა იწყებს ბიზნესს, მდიდრდება საშუალოდ მაინც და არიან მოტივირებული, რომ რამე გააკეთონ. არ მგონია, რომ ფინანსების გარეშე რამის შეცვლა შეიძლება. რატომ იყიდა ივანიშვილმა ხალხი? იმიტომ რომ ფული არ იყო. ძველი ყაიდის ბიზნესმენებთან როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით მიწევს ურთიერთობა, რომ ფული მოგვეცით, რათა კარგი რამე გავაკეთოთ, ისინი დიდი დისტანციით გიყურებენ და გეუბნებიან, რომ ბიუჯეტში ფული არ გვაქვს და ამას გეუბნება კომპანია, რომელმაც შაბათ-კვირას გამოიმუშავა საქართველოს ბიუჯეტი. სამაგიეროდ, ახალგაზრდასთან რომ მიხვალ, რომელსაც რამდენიმე წელია რაც გაკეთებული აქვს ბიზნესი, ის გეუბნება, რომ კი, მაგარია აზრია და მოდი გავაკეთოთ. ისინი სხვანაირად უყურებენ ამ ყველაფერს. ჩემი ხედვა იქნებოდა, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ესეთი ხალხის მობილიზებას შეძლებს და თუ ეს ხალხი თავად დაინტერესდება პოლიტიკით, შეძლებენ ძირითადი ცვლილებების განხორციელებას“, - განაცხადა ლევან ღამბაშიძემ.