logo
ENG



ლელო: საეჭვოა, რომ "ოცნება" ოპოზიციას ISFED-ის მონაცემების გადათვლას სთავაზობდა 

12 დეკ 202019:55
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/12/k1sikuhst6h4xze.jpg

ლელო ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების ჩასწორებას ეხმაურება. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამის, რომ როდესაც პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, ის არა მხოლოდ ერთი ორგანიზაციის ანგარიშს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭის ყრის დღეს დარღვევებს ეყრდნობა, რომელიც ლელოს ლიდერებმა, აქტივისტებმა, მედია საშუალებებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გამოავლინეს.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შედეგების პარალელური დათვლა მეთოდოლოგიურად ვერ ასახავს ამომრჩევლის მოსყიდვას, ზეწოლას, ნების კონტროლს, ე.წ. კარუსელს და არასწორად გაბათილებულ ბიულეტენებს.

"ლელო მიიჩნევს, რომ არჩევნები არის მასობრივად გაყალბებული და „ცესკოს“ მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ხელისუფლება შეეცადა, პარალელური დათვლის შედეგებზე უცნაური და უსაგნო აპელირება წარმოეჩინა საზოგადოებისათვის ისე, თითქოს ეს შედეგები როგორმე ადასტურებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მაშინ, როცა ასობით დარღვევაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს და წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი მძიმე ფაქტები დღემდე გამოუძიებელი რჩება",-ნათქვამია ლელოს განცხადებაში.

პარტიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გარკვეული კითხვები ჩნდება, თუ როგორ გახდა ცნობილი ხელისუფლებისთვის ორგანიზაციის მიერ დაშვებული შეცდომების შესახებ.

"აქვე ჩნდება კითხვა,  რატომ და როგორ გახდა  ცნობილი ხელისუფლებისათვის ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ, მაშინ, როცა ეს თავად ორგანიზაციას საჯაროდ არ ჰქონდა გაცხადებული; ეს განსაკუთრებით აჩენს ეჭვებს იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში სწორედ ამას სთავაზობდა ოპოზიციას - გადათვლილიყო ISFED-ის მონაცემები, მაშინ, როცა წინსწრებით იცოდა, რომ ამ მონაცემებში აღმოჩნდებოდა ცდომილება",-ნათქვამია განცხადებაში.

პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ "გაიაზროს შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისის რეალური მიზეზები და გადადგას მის განსამუხტად კანონიერი და სწორი პოლიტიკური ნაბიჯები".

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ PVT დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ.

დღეს, 12 დეკემბერს, ტვ პირველის ეთერში ISFED-ის თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ ორგანიზაციის შეცდომის შესახებ ინფორმაცია ფარული მიყურადებით მიიღო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა. 

სამართლიანი არჩევნების 1-ლ ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უბნების 8%-ში გამოვლენილი დისბალანსის შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. 


close დახურვა