logo
ENG



ლიზ ტრასმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა

07 სექ 202209:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/07/jdi8zbem1khty1u.jpg

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა, ლიზ ტრასმა თავისი ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა.

ტრასის მთავრობის პირობებში ბრიტანეთის ისტორიაში პირველადაა, რომ  უმაღლესი თანამდებობები: პრემიერ მინისტრის, კანცლერის, შინაგან საქმეთა მდივნისა და საგარეო საქმეთა მდივნის პოზიციები თეთრკანიან კაცს არ უკავია.

ტრასის მთავრობაში ვიცე-პრემიერის და ჯანდაცვის მდივნის პოზიციას მისი ახლო მოკავშირე, ტერეზა კოფი დაიკავებს. კოფი ჯონსონის მთავრობაში შრომისა და პენსიის მინისტრი იყო.

ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მდივანი კი ჯეიმს კლევერლი გახდება. კლევერლი 2022 წლის ივლისიდან, მას შემდეგ ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა,  განათლების მდივნის პოზიციას იკავებდა. ჯონსონის ხელისუფლების პირობებში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ამჟამინდელი პრემიერი, ლიზ ტრასი იყო.

ბენ უოლასი ერთადერთია ვინც წინა მთავრობის შემადგენლობაში საკუთარი პოზიცია შეინარჩუნა. ლიზ ტრასმა ის თავდაცვის მდივნის პოზიციაზე დატოვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ჯონსონი პრემიერის პოსტს დატოვებდა, კონსერვატიული პარტიის ლიდერის ერთ-ერთ კანდიდატად ბენ უოლასის კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა მას ლიდერის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

ბრიტანეთის მთავრობის ძველი შემადგენლობიდან კონსერვატიული პარტიის ვერცერთმა წევრმა, ვინც პარტიის ლიდერის არჩევნებში ტრასის ოპონენტს, რიში სუნაკს უჭერდა მხარს პოსტი ვერ შეინარჩუნა.

ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა განაცხადა, რომ ეს სამთავრობო ცვლილებები "პარტიას გააერთიანებს".

ტრასის კაბინეტის ზოგიერთი წევრი: 

  • ხაზინის კანცლერი - კვაზი კვარტენგი (წარსულში ბიზნეს მდივანი) 
  • შინაგან საქმეთა მდივანი - სუელა ბრეივერმენი
  • საგარეო ურთიერთობების მდივანი - ჯეიმს კლევერლი (წარსულში განათლების მდივანი)
  • ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი - ნადიმ ზაჰავი ის ასევე ხელისუფლებათაშორისი ურთიერთობებისა და თანასწორობის მინისტრია
  • ვიცე-პრემიერი - ტერეზ კოფი
  • ჯანდაცვის მდივანი - კოფი, ტრასის ახლო მოკავშირე ამ როლსაც დაიკავებს
  • განათლების მდივანი - კიტ მალთჰაუსი
  • თავდაცვის მდივანი - ბენ უოლასი
  • ბიზნესის, ენერგეტიკისა და ინდუსტრიული სტრატეგიის მდივანი - ჯეიკობ რიიზ-მოგი
  • კულტურის მდივანი - მიშელ დონელანი
  • გარემოს დაცვის მდივანი - რანილ ჯაიავარდენა
  • იუსტიციის მდივანი - ბრენდონ ლუისი
  • მუშაობის და პენსიების მდივანი - ქლოი სმიტი
  • ტრანსპორტის მდივანი - ანა-მარი ტრეველიანი

ლიზ ტრასი 5 სექტემბერს კონსერვატიული პარტიის ლიდერი გახდა. მან ტორების კენჭისყრაში დაამარცხა ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიშ სუნაკი. 

ტრასმა 81326 ხმა მოიპოვა, სუნაკიმ 60399 ხმა.

ლიზ ტრასი 6 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალთან ბალმორალში გაემგზავრა და ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ოფიციალური ნებართვა მიიღო, რის შემდეგაც მან პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა. 

7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგა. 

ჯონსონის, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციის დატოვების  გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა კენჭისყრა ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. 

კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ მას უნდობლობა არ გამოუცხადა.

უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად ჯონსონის ხელისუფლების გარშემო ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე სკანდალურ შემთხვევას: კოვიდრეგულაციების დარღვევით წვეულებების ჩატარებასა და უკვე ყოფილი კონსერვატორი დეპუტატის, კრის პინჩერის მხრიდან სხვადასხვა დროს სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევებს უკავშირდება. 


close დახურვა