კომპანია ენკას დირექტორი მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ ისინი მზად არიან ქართველ ექსპერტებთან ერთად ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაცია განიხილონ.
ლომინაძე იმედოვნებს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დიალოგის ფორმატს დაუბრუნდებიან.
"ვთვლით, რომ დიალოგი, დისკუსია და საგნობრივი განხილვა ყველა იმ საკითხისა, რომელიც წამოჭრილია საზოგადოებაში, არის ერთადერთი გზა დეესკალაციისკენ. ჩვენ როგორც საერთაშორისო კომპანია, რომელსაც არა ერთი საერთაშორისო კონტრაქტი აქვს განხორციელებული, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ძირითადი კონტრაქტორია სამშენებლო ნაწილში, მზაობას ვაცხადებთ, რომ ვიყოთ სრულიად საჯარო, მზაობას ვაცხადებთ, რომ ქართველ ექსპერტებთან ერთად მოხდეს ყველა იმ დოკუმენტის განხილვა, რომელიც მომზადებულია და პროექტს საფუძვლად უდევს, იმედს ვიტოვებთ, რომ საგნობრივი დისკუსია და ეს ფორმატი იქნება ერთადერთი, რომელიც განხორციელდება და საზოგადობის ყველა კითხვას პასუხს გასცემს", - ამბობს კომპანიის დირექტორი.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ და რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.