logo
ENG



"შევთანხმდით ბარიკადების აღებასა და პოლიციის გაყვანაზე" - ნამახვანჰესზე შეხვედრა დასრულდა

12 ივნ 202119:52
3 წუთის საკითხავი
clock 1507
"შევთანხმდით ბარიკადების აღებასა და პოლიციის გაყვანაზე" - ნამახვანჰესზე შეხვედრა დასრულდა
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, ხელისუფლებასა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მხარეებთან შინაარსობრივ ნაწილზე არ უსაუბრია. კერძოდ, მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ის პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც აქტივისტები სახელმწიფოსთან მედიაციის პროცესს დაიწყებდნენ და ეს პირობები პარასკევამდე უნდა შესრულდეს. 

"ორი პირობა გვქონდა, რომ აღებულიყო ბარიკადები, გასულიყო პოლიცია და შეწყვეტილიყო სამუშაოები. ნაწილი ამ პირობებისა, შეთანხმდა. ვგულისხმობ ბარიკადების აღებას, საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენი პროტესტის დაბრუნებას პროტესტის ძირითად ადგილზე, სადაც აქამდე იყო. ასევე, ვგულისხმობ მონიტორინგს ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როცა ჩვენ იქ გადავინაცვლებთ, საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია რა ხდება ხეობაში", - განაცხადა გოლეთიანმა. 

როგორც მან აღნიშნა, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განიხილეს, არის რიონის ხეობის მცველების შესაძლო დაკავებები, რაზეც აქტივისტების თქმით, აქვთ ინფორმაცია. გოლეთიანი ამბობს, რომ ასევე უნდა გათავისუფლდნენ უკვე დაკავებული აქტივისტები. 

"ასევე მკაფიოდ დადგა დაკავებული ბიჭების, ჩვენი თანამებრძოლების საკითხი. პროკურატურის მისამართით იქნება მოწოდება, რომ უნდა იქნან გათავისუფლებული ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის სამინისტრომაც ჩაინიშნა ეს მიმართვა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პოტენციური დაკავებები, ჩვენი თანამებრძოლების რაზეც გვაქვს ინფორმაცია...

ამ ნაწილშიც დავაყენეთ საკითხი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი უნდა შეწყდეს, თუ გვინდა რომ პროცესმა გადაინაცვლოს დიალოგის მშვიდობიან ფორმატში. ასევე შევთანხმდით, რომ თუკი ეს პირობები რომელიც დადგა შემდეგ პარასკევამდე შესრულდება, ისევ შევიკრიბებით და დადგება შემდგომი პირობის განხილვის საკითხი, რაც გულისხმობს უშუალოდ ხეობაში მუშა პროცესის შეჩერებას. ჩვენ ველოდებით დეკლარირებულ პასუხს, რომ ბარიკადები უნდა იყოს აღებული და პოლიცია გაყვანილი. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ პროტესტის ძირითადად ადგილზე. მეორე ნაწილში, რაც გულისხმობს სამუშაოების შეჩერებას დავალოდებით შემდეგი პარასკევიდან", - აღნიშნა მან. 

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

რიონის მცველების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

 


close დახურვა