logo
ENG



ლომჯარია: მივიღე დაპირება, რომ სააკაშვილთან შეუშვებენ ადვოკატებს

09 ნოე 202100:02
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მან სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან მიიღო პირობა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატების შეუშვებენ. ეს ლომჯარიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვა. 

ლომჯარიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ გამონაკლისი დაუშვან და ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ. 

"მე პირადად ვთხოვე ხელმძღვანელობას სასჯელაღსრულების დაწესებულების და იუსტიციის სამინისტროს, რომ მისცენ უფლება ადვოკატებს, რომ მოინახულონ. ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ვფიქრობ, უნდა დაუშვან გამონაკლისი. მნიშვნელოვანი იქნება ეს ალბათ მისი ოჯახის სიმშვიდისთვისაც. მივიღე დაპირება, რომ შეუშვებენ ადვოკატებს, თუმცა არ ვიცი რამდენად განხორციელდება ეს. კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ მივმართო თხოვნით, რომ დაუშვან ადვოკატები", - თქვა ლომჯარიამ

ცოტახნის წინ, ციხის კლინიკასთან მივიდა სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია, რომელსაც ექსპრეზიდენტთან შესვლის უფლება არ მისცეს. 

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოტყუებით გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის 39-ე დღეა შიმშილობს. 

ნინო ლომჯარიას თქმით, მას მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ რუსთავის ციხიდან გაყვანის დროს, დაუმალეს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. 

გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს. გლდანის ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არიან შესული.


close დახურვა