logo
ENG



ლომჯარია მთავრობას: უმოკლეს ვადაში განუმარტეთ მოსახლეობას, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა

19 ოქტ 202016:50
3 წუთის საკითხავი
 
129anptjamsrmq5.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და  მთავრობას მოუწოდებს უმოკლეს ვადაში მოსახლეობას განუმარტონ კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. 

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები და არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ დღეების განმავლობაში ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას და კონსულტაციას.

"შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს ვადებში:

მოსახლეობას განუმარტონ კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ; რომელი კონკრეტული უწყებაა ამ პროცესზე ზედამხედველი, რათა პაციენტებმა შეძლონ არსებულ პრობლემებზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება და დროული დახმარების მიღება", - წერს ლომჯარია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას, გასცეს პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ინფიცირებულმა თვითმკურნალობის დროს მანამ, სანამ ექიმი დაუკავშირდება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 18 663 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 8 338 პაციენტი, ხოლო 143 გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მომრავლების გამო, უკვე დაწყებულია ბინაზე მკურნალობა. 

ბოლო დღეების განმავლობაში, მოქალაქეთა ნაწილი ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს და აცხადებენ, რომ შესაბამის სამედიცინო დახმარებას დროულად ვერ იღებენ.


close დახურვა