logo
ENG



ლომჯარია პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს

30 ივნ 202114:49
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ლომჯარია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემების გათვალისწინებით, ის უარს ამბობს მოსმენაში ჩართვაზე, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.

"2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო სახალხო დამცველის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და არასამთავრობო სექტორის ყველაზე პრინციპული მოსაზრებები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას შეეხებოდა. 2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა სწორედ ხარვეზიანი კანონმდებლობის საფუძველზე აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლე. მათი ნაწილი, სახალხო დამცველის შეფასებებით, ვერ აკმაყოფილებდა კომპეტენციის მინიმალურ ზღვარსაც კი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელიც წარადგინა, თუმცა ახლადარჩეული მოსამართლეების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, სარჩელის განხილვის წინ ახალი მოსამართლე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოში, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე და სწორედ ერთი ხმა გახდა გადამწყვეტი, რის გამოც სახალხო დამცველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამის შემდგომ განხორციელებულმა უსისტემო საკანონმდებლო ცვლილებებმა აზრი დაკარგა. მაგალითად, 2020 წლის 30 სექტემბრის კანონით განისაზღვრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუმცა აღნიშნული ორგანო დღეის მდგომარეობით სრულადაა დაკომპლექტებული 2019 წლის დეკემბერში, უაღრესად პრობლემური და ნდობის არმქონე პროცესის შედეგად არჩეული მოსამართლეებით, რის გამოც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ასევე ვეღარ სარგებლობს ნდობით და აზრს უკარგავს გასაჩივრების მექანიზმის არსებობას.

მას შემდეგ, რაც 2019 წელს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, უკვე 2 წელია გასული და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია. დღეს არსებული მდგომარეობა მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ, ძირეულ რეფორმას, რაზეც ასევე საუბარია 2021 წლის 19 აპრილის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ შეთანხმებაში - "სამომავლო გზა საქართველოსათვის". აღნიშნული რეფორმების გატარებამდე, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა ისევ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია, რის გამოც სახალხო დამცველი უარს ამბობს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

კანდიდატებთან გასაუბრება მომდევნო კვირაში დაიწყება. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. 

დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა