სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, გამოძიება, თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების გარემოებების გარდა, პოლიციის პასუხისმგებლობის საკითხითაც უნდა დაინტერესდეს:
"გამოძიებამ უნდა დაადგინოს გარდაცვალების გარემოებები, თუმცა, ასევე გამოძიების საგანი უნდა გახდეს, თუკი ძალადობის თაობაზე პოლიციას ჰქონდა შეტყობინებები, რატომ არ იყო შესაბამისი ორგანოების მხრიდან ეფექტური და დროული რეაგირება. რატომ ვერ მოახდინა პოლიციამ ძალადობის პრევენცია ბავშვის მიმართ, მით უმეტეს, თუ წლების განმავლობაში სისტემატური იყო ძალადობა, ასევე რატომ არ იყო ინფორმირებული სოციალური სამსახური და რატომ არ იყო ჩართული ბავშვის მდგომარეობის შესწავლის პროცესში შესაბამისი სოციალური მუშაკი", - აცხადებს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველის თქმით, მომხდარმა ცხადყო ქვეყანაში და სისტემაში არსებული პრობლემები. ლომჯარიას განცხადებით, ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ეფექტური მექანიზმები.
"მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე ცხადყოფს იმ სისტემურ პრობლემებს, რაც არსებობს ბავშვის ძალადობისგან დაცვის მიმართულებით ქვეყანაში. ის, რომ არ მუშაობს რეფერირების მექანიზმი ქვეყანაში ეფექტურად, ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვის და მათი რეაბილიტაციის სისტემა გამართული და ასევე სუიციდის პრევენციის მიმართულებით არ გვაქვს გამართული სტრატეგია და რეაგირების მექანიზმი",-ამბობს ლომჯარია.
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია ამბობს, რომ პოლიცია ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმირებული იყო. მისი თქმით, პოლიცია ოჯახში ძალადობის გამო არაერთხელ იმყოფებოდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 23 აგვისტოს 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ბავშვის მამა დააკავეს. მათი ცნობით, ბრალდებული შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობა გამოიწვია.