ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი თსუ-ში, სტუდენტების მიერ ირაკლი კობახიძისთვის რუსული რუბლის კუპიურების გადაყრის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ულტრალიბერალური ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში", კობახიძესთან "უღირსი მოქცევა" ფრანკლინის კლუბმა სცადა.
"მინდა გამოვეხმაურო იმ ყოვლად სამარცხვინო ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ორიოდე დღის წინ. ბოლშევიზმის და ამ ულტრალიბერალური ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში ირაკლი კობახიძესთან უღირსი მოქცევა სცადა კრებსითმა ფრანკლინის კლუბმა. იმ კლუბმა, რომელიც შეგნებული უვიცობით ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან დამწერლობას და ანბანს. ლანძღავს და დასცინის ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიასა თუ სამშობლოს. სამწუხაროდ, ამ მდარე იდეოლოგიით თავგზააბნეული ახალგაზრდა, ბრმა იარაღად იქნა გამოყენებული სააკაშვილის მორალის, უფრო სწორად, კი ამორალურობის მეხოტბეების მიერ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ფსკერს ქვემოთ დაშვებაა და საკუთარი უღირსი შინაგანი ბუნების თვითლუსტრაციაა."- აცხადებს მათიკაშვილი.
* * *
10 ივნისს, ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს. სტუდენტებმა პროტესტი მაშინ გამოხატეს, როცა კობახიძე უნივერსიტეტის შენობას ტოვებდა.
კობახიძის მიმართ პროტესტი სტუდენტებს აქამდეც დაუფიქსირებიათ - მათ უნივერსიტეტში აქცია/პერფორმანსები მას შემდეგ მოაწყვეს, რაც პარლამენტში რუსული კანონის განხილვები დაიწყო. ირაკლი კობახიძე კანონპროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო.
11 მარტს მათ აქცია გამართეს კობახიძის აუდიტორიასთან, თუმცა იმ დღეს მისი ლექცია არ ჩატარდა, რადგან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტში მშვიდობიანი აქცია დაიგეგმა, სტუდენტებმა ლექციის გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეს.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ორიენტაციაარეულებს" უწოდებს სტუდენტებს, რომლებმაც უნივერსიტეტში რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს. კობახიძე ამ ინციდენტს "ფორმულას პროვოკაციას" უწოდებს, თუმცა არ ამბობს რის საფუძველზე.