logo
ENG



მაივეისს, შესაძლოა, ფრენის უფლება გაუუქმონ - ვისი ინტერესი იკვეთება კომპანიის გაკონტრებაში

04 დეკ 202122:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/04/7oqdf1vz4p9i99y.png

საქართველოს ავიაბაზარზე სულ ორი ქართული ავიაკომპანია არსებობს. თუმცა, სულ მალე შესაძლოა მათგან ერთ-ერთი, მაივეისი გაკოტრდეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აპირებს, რომ ქართულ ავიაკომპანიას გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაუუქმოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაივეი ფრენას ვეღარ შეძლებს.

შაბათის ფორმულამ მოიპოვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დოკუმენტის დრაფტი, რომელიც ჯერჯერობით ძალაში არ შესულა. ის მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ავიაკომპანია მაივეის წარმომადგენლებს გადაეცემა. სავარაუდოდ ეს მომავალ კვირაში მოხდება.

დირექტორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის დრაფტში წერია, რომ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია კანონმდებლობით მოქმედი პირობა: საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში წილის მინიმუმ 51%-ი საქართველოს მოქალაქეს უნდა ეკუთვნოდეს.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით ავიაკომპანია მაივეის 100-პროცენტიან წილს შპს ფლას ავიეიშენ ინვესტმენტი ფლობს. ამ კომპანიაში 2021 წლის 19 აგვისტოს ამონაწერის მიხედვით, რატი ბაკურაძე წილის მხოლოდ 11% ფლობდა, ჭენგლიანგ ლიუ კი 89 პროცენტს. თუმცა, დაახლობით ორ კვირაში, 1 სექტემბერს, ჩინეთის მოქალაქემ 40% საქართველოს მოქალაქეს გადაუფორმა, რითაც წილები კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანა. ამის მიუხედავად, გამოჟონილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სააგენტოში ეს არასაკმარისად მიიჩნიეს.

ავიაკომპანია მაივეის იურისტი თამარ მაფორია ამბობს, რომ აქვთ ინტერესთა კონფლიქის დასაბუთებული ეჭვი და სააგენტოში ასეთი პირები არიან. პირი, რომელზეც მეივეის იურისტი საუბრობს გივი დავითაშვილია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე დაახლოებით 14 წელი ჯორჯიან ეარვეისში მუშაობდა, რასაც სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისი ბიოგრაფია ადასტურებს.

მაივეისში, რომელსაც ორი თვითმფრინავი ყავს, 120 ადამიანი მუშაობს. ხელფასებსა და გადასახადებში ავიაკომპანია კი ყოველწლიურად 7 მილიონ ლარს იხდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილების ამოქმედების შემთხვევაში, კომპანია იძულებული იქნება მუშაობა შეწყვიტოს. გაჩერებული თვითმფრინავები კი, დღეში 120-130 000-დოლარიან ზარალს ნიშნავს.


close დახურვა