logo
ENG



მაკალისტერი: EPP-ს აზრით, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება

02 ივნ 202214:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/02/1czww7asx3btex0.jpg

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტი, დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ რეგიონში არსებული საფრთხის ფონზე საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება.

მაკალისტერის თქმით, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი 3 ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ევროკომისიის შეფასებას კომისიასთან ერთად განიხილავს.

„ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიასთან განიხილავს მის შეფასებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ.

EPP ჯგუფს სჯერა, რომ მაშინ როცა მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება“ - აცხადებს დევიდ მაკალისტერი. 

ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირში ყველაზე დიდი პარტიაა და მოიცავს 81 პარტიას, პარტნიორებს 43 ქვეყნიდან, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ევროკავშირის 8 ქვეყნის და ბლოკის მიღმა 3 ქვეყნის ხელისუფლების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის 9 წევრსა და ევროპარლამენტის უდიდეს ჯგუფს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს ევროკომისიის შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა. 


close დახურვა