კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებურ ზრდას ჩატარებულ აგრესიულ კვლევებს უკავშირებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი. ამასთან, მარინა ეზუგბაია იმედოვნებს, რომ შემდგომ დღეებში, ასეთი აგრესიული კვლევები აღარ იქნება, რაც შედეგებზეც იქონიებს გავლენას.
ეზუგბაიას განცხადებას გამოეხმაურნენ სხვა კლინიკების ხელმძღვანელებიც. როგორც ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, აგრესიული ტესტირებები საჭიროა და მას აქვს თავისი დანიშნულება. ისინი ძირითადად კონკრეტული ჯგუფისთვის არის გამოყოფილი, როგორიც არის მედპერსონალი, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები და ა.შ.
„აგრესიულ ტესტირებას აქვს თავისი დანიშნულება. ეს თავისი დროზე მოგვაწოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც და ჩვენმა ჯანდაცვამაც და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი. ეს არის მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, მედპერსონალისთვის, კონკრეტული კლასტერებისთვის და ა.შ. ჩვენთან გადმოყვანილი 4 ახალი პაციენტი უსიმპტომოა და სწორედ სწრაფი აგრესიული ტესტირებით არის გაკეთებული. ჩვენთან გადმოყვანამდე პისიარ ტესტი დადასტურებულია, მაგრამ წარმოადგენდნენ მაღალი რისკის კლასტერს“,-განაცხადა მაკა სოლორაშვილმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის თქმით, სწრაფი ტესტირების შემთხვევაში ყურადღება ექცევა იმუნოგლობინ M-ს და G-ს და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში PCR ტესტი ტარდება.
„ვერ გეტყვით ამაზე პასუხს. ეს ქალბატონ მარინას უნდა ჩავეკითხოთ, რას გულისხმობდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვაკეთებთ როგორც PCR ტესტირებას, ისე - სწრაფ ტესტირებას. თუ სწრაფი ტესტირების შედეგად ამოვიდა იმუნოგლობინი M ან G უფრო M-ს ვაქცევთ ყურადღებას. პაციენტიც და სამედიცინო პერსონალიც იგზავნება პი-სი-არ ტესტზე. თუ მოსახლეობაში სიმპტომები გამოვლინდება ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ტესტირების ჩატარება“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.
შეგახსენებთ, მარინა ეზუგბაის განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 25 შემთხვევა აგრესიული ტესტირებების შედეგია.