logo
ENG



მალხაზ მიქელაძე კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურაში მესამედ იკითხება

02 თებ 202113:09
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მალხაზ მიქელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მესამედ დაიბარეს. 

უწყებაში ის დღეს, 2 თებერვალს უკვე გამოცხადდა. 

"ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა კითხვები აქვს საგამოძიებო ორგანოს, თუმცა, ჩვენ მზად ვართ, მათ ვუპასუხოთ. შეიძლება უკავშირდებოდეს იმ ფარულ ვიდეო ჩანაწერს, შეიძება დამატებით სხვა კითხვებიც იყოს". - თქვა მისმა ადვოკატმა, ივანე ჩიტიშვილმა

მალხაზ მიქელაძე სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც იკავებდა 2004-2005 წლებში, კომისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კი 2017 წელს დანიშნეს.

მიქელაძემ წინა ჩვენება პროკურატურას 4 დეკემბერს მისცა

მიქელაძე იზიარებს პოზიციას, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. 

28 იანვარს, მაშინ, როცა პროკურატურამ სასამართლოში ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თქვა, რომ გამოძიების მთელი აქცენტი დავალებების გამცემი პირების იდენტიფიცირებისკენ არის მიმართული. მისი თქმით, "დადგინდა მოტივი, რომ ბრალდებულები [ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი] მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად".

მანამდე კი პროკურატურამ ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლითაც გაირკვა, რომ უწყება მელაშვილს და ილიჩოვას უთვალთვალებდა. გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მელაშვილი და მიქელაძე ლაპარაკობენ.

პროკურატურისთვის ფარული მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერები მათ ბრალდებას ამყარებს, ადვოკატები კი ამბობენ, რომ პირიქით, ყველაფერი მიუთითებს კარტოგრაფების უდანაშაულობაზე. 


close დახურვა