logo
ENG



მამალაძის ადვოკატი: სტრასბურგის გადაწყვეტილება საქმის წარმოების განახლების საფუძველია

03 ნოე 202217:07
3 წუთის საკითხავი
 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, დავით ჯანდიერის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების განახლების საფუძველია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა და განმარტა, თუ რა მოთხოვნები დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ.

"ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-6 მუხლის ანუ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა. სამი ძირითადი მოთხოვნა იყო სასამართლოს წინაშე დაყენებული - ერთი უკავშირდებოდა მტკიცებულებების მოპოვებას და გამოყენებას, მეორე საკითხი დაკავშირებული იყო საქმის განხილვასთან დახურულ რეჟიმში და მესამე უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. პირველ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, სხვა დანარჩენს ნაწილებში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევა იყო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საფუძველი საქმის წარმოების განახლების. არსებობს შესაბამისი რეზოლუციებიც, რომელიც ითვალისწინებს იმ დარღვევების შემთხვევაში, რასაც მამალაძის საქმეზე ჰქონდა ადგილი, საქმის წარმოების განახლებას"- თქვა ჯანდიერმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს 9 418 ლარის გადახდა დააკისრა.

***

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს.

თავდაპირველად იყო ვერსია, თითქოს დეკანოზი მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ სასულიერო პირს თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


close დახურვა