logo
ENG



მარნეულის აქცია ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული - ირაკლი კობახიძე

22 აპრ 202016:22
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მარნეულში საპროტესტო აქცია ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული.

მან ოპონენტებს მოუწოდა, სახლებში დააბრუნონ მოქალაქეები, რომლებიც „აქციისთვის გარეთ გამოიყვანეს“.

„ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი ორგანიზებულია მარნეულის აქცია, თუმცა ამას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა. ბატონი იმამყულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ნაცვლად აქ ზოგადი მოწოდებებისა, რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, სჯობს აიღონ ტელეფონი, დარეკონ იმამყულიევთან და სულეიმანოვთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომელიც გამოიყვანეს ამ აქციისთვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, მარნეულის რამდენიმე სოფელში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სოფელ იმირის კასუმლოს და აღმამედლოს მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას სთხოვს. რამდენიმე ადგილობრივმა პროტესტის ნიშნად აქციაზე პროდუქტი მიიტანა და გაანადგურა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ბანკებიდან სესხები აქვთ აღებული და იმის გამო, რომ პროდუქტს ვერ ყიდიან, გადახდას ვერ ახერხებენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას და მათთან შეხვედრას ითხოვენ. 


close დახურვა