მარნეულის რაიონის სოფელ არაფლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება შევიდა. ოჯახი, სადაც სამართალდამცავებმა გუშინ ჩხრეკა ჩაატარეს, მომხდარის გამოძიებას ითხოვს.
პროკურატურაში განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ახმედ იმამყულიევმა შეიტანა. ოჯახი ძალადობასა და ნარკოტიკების შესაძლო ჩადებაში დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს.
„სოფელ არაფლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, ჩადებისა და ოჯახზე ძალადობის შესახებ შევიტანეთ განცხადება. შოთაძის უწყებამ დაიწყოს გამოძიება, დაადგინოს ამ პირების ვინაობა და დაისაჯონ, რომ მომავალში ასეთი რამ არ მოხდეს. არ ველით შოთაძისგან რაიმე კონკრეტულ გამოძიებას, მაგრამ მაინც დავაფიქსირეთ“, - ამბობს იმამყულიევი.
გალიფ ალიევი, რომლის ოჯახშიც პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, მის დაკავებასა და საპოლიციო ღონისძიებას პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. ალიევი ამბობს, რომ ის 10 დღის წინ დააკავეს და პოლიცია მისი სახლში იარაღის ამოსაღებად მივიდა.
სამოქალაქო აქტივისტმა, რაშან ზიადალიევმა სოციალურ ქსელ Facebook-ში გუშინ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიმდინარეობს მარნეულის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა.
აქტივისტი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალების ჩადება სცადეს. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, თუ როგორც ყოფს ხელს მაგიდის ქვეშ ერთ-ერთი პირი და სავარაუდოდ, რაღაცას აწებებს.