logo
ENG



მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული

31 ოქტ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, პოლიციის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

სპეცრაზმის წარმომადგენლები ადგილზე ავტობუსებით მიიყვანეს. ისინი სპეციალური ეკიპირებით, მათ შორის ფარებითა და ხელკეტებით არიან აღჭურვილი.

მარნეულში ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა მეხუთე საარჩევნო უბანზე. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართული ოცნების დამკვირვებლები და მხარდამჭერები ადგილზე მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

გარდა ამისა, საზოგადოება 2020-ის ხელმძღვანელმა გიორგი მუმლაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე მუშაობის საშუალება არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეძლევათ. აგრესიულად არიან განწყობილები ასევე მედიის წარმომადგენლების მიმართ.

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.


close დახურვა