ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა აცხადებს, რომ სკოლის დირექტორების კონკურსიდან, სავარაუდოდ, ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციის გამო გამოთიშეს.
მიქავას თქმით, მას გამოცდებში უმაღლესი ქულები ჰქონდა, თუმცა გასაუბრების ეტაპზე არ გადაიყვანეს. ის ვარაუდობს, რომ მიზეზი მმართველი პარტიისადმი მისი კრიტიკულ პოზიცია, მათ შორის, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობა გახდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმაზე საუბრობენ, რომ წლებია, ხელისუფლებისთვის სკოლების პერსონალს საარჩევნოდ იყენებს. ეს 2022 წელს გამოქვეყნებული სუს-ის ფაილებითაც დადასტურდა, სადაც ჩანდა, რომ სუს დირექტორებს ოცნებისადმი დამოკიდებულების მიხედვით აფასებს.
დირექტორობის კანდიდატი მანანა მიქავა ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას დაუფარავად უთხრეს, რომ დირექტორობის კანდიდატების სიები მერიაში იგზავნება და ისინი წყვეტენ, ვინ გადავა შემდეგ ეტაპზე.
"2024-ში საარჩევნო წელია ძალიან კარგად ვიცით და როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ სურს, სკოლაში მიიღოს ახალი ნაკადი, რომელსაც ექნება კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი და მისი ქმედებებისადმი და ჩემი აზრით, ეს არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, ასე ვთქვათ, გაიფილტრა კანდიდატები. დაუფარავადაც მითხრა მერიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომ თურმე მერიაში მიდის სიები და მერია ადასტურებს და ხელს აწერს ვინ უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და განათლების სამინისტროს არ აქვს, ასე ვთქვათ, იმის ძალა და უფლება რომ თავის იურისდიქციაში მყოფი თანამშრომლები თვითონ დანიშნოს თანამდებობაზე" - განაცხადა მანანა მიქავამ.
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სკოლის პედაგოგები და დირექტორები პოლიტიკური ნიშნით თანამდებობებზე დანიშვნაზე საუბრობენ.
"ჩვენ 2020 წლიდან ვსწავლობთ სკოლების საკითხს. ჩვენი მიზანია სკოლების დეპოლიტიზება და ვაკვირდებით ხომ არ ხდება სკოლების პედაგოგების თუ დირექტორების იძულებით ჩართულობა საარჩევნო პროცესებში....
ჯერ კიდევ 2020 წელს გამოცხადებული არჩევნები არ ჩატარდა. მოუწიათ, მოვალეობის შემსრულებლებად დარჩენა და ისინი არ იქნენ დანიშნულნი, იქიდან გამომდინარე რომ არ ჩატარდა გამოცდები და მაშინ სკოლის დირექტორების დიდი ნაწილი თავიდან დანიშნეს თუმცა ნაწილი აღარ დანიშნეს მოვალეობის შემსრულებლად და ეს ადამიანები საუბრობდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით არ დანიშნეს. რამდენიმე მათგანის უფლებასაც ვიცავთ და ისინი ამბობდნენ, რომ იმიტომ, რომ პოლიტიკურად არ ვიაქტიურეთ, ან შესაძლოა, ნათესავი ან ოჯახის წევრი იყო დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიასთან, ამიტომ არ დავისინჯეთო" - განაცხადა ნინო დოლიძემ.
გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) შეისწავლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული მასალა და 2022 წლის 21 ივლისს გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მასალის ერთ-ერთ ნაწილში საუბარია საჯარო სამსახურების პოლიტიზირებაზე.
გოგაშვილის მიერ ორგანიზაციებისთვის მიწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნება და სუს-ი ერთად ქმნიდნენ საჯარო სკოლის დირექტორების პოლიტიკურ დოსიეებს და საკადრო პოლიტიკის გატარებისას დოსიეებში მოცემულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ.
დოკუმენტში წერია, რომ სუს-ის შეფასება უმეტესად დირექტორების პოლიტიკური შეხედულებებს და მათი მმართველი პარტიის სასარგებლო საქმიანობაში ჩართულობის ხარისხს უკავშირდებოდა. სკოლის დირექტორებთან ხელშეკრულების გაგრძელება/შეწყვეტის რეკომენდაციაში გადამწყვეტი სწორედ მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური განწყობები იყო.
დოკუმენტში მოყვანილია მაგალითები, თუ რა შემთხვევაში მიაჩნდათ კონკრეტული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ან გათავისუფლება მიზანშეწონილად. მაგალითად, როცა სუს-ი ოცნების მიმართ კეთილგანწყობის გამო დირექტორის პოზიციაზე დარჩენას მიზანშეწონილად აფასებდა, წერდა: "არის არსებული ხელისუფლების მხარდამჭერი, მიზანშეწონილია დარჩეს აღნიშნულ თანამდებობაზე“.