logo
ENG



მსჯავრის მოხსნა, ვადამდე გათავისუფლება, მართვის მოწმობის აღდგენა - საარჩევნო მოსყიდვის სქემა

21 ივლ 202220:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/21/9ij63kyb30jhcai.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) შეისწავლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული მასალა და გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომლის პირველ ნაწილში აღწერილია მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა. 

აღწერილ შემთხვევებში 2018 წლის არჩევნების წინა პერიოდში ქართული ოცნების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმების მობილიზების სანაცვლოდ ადამიანებს სხვადასხვა სახის არალეგიტიმურ სარგებელს ჰპირდებოდნენ და უზრუნველყოფდნენ, მათ შორის: პირობითი მსჯავრის გაუქმებას, პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას), სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და სხვა.

ანგარიშის მიხედვით, მმართველი ძალა სახელმწიფო უწყებების მეშვეობით აგროვებდა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისა და სხვა მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციას, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით.

ორგანიზაციების ცნობით, მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად ეყრდნობა ელექტრონული ფოსტის მისამართიდან securgd@gmail.com 2018 წლის სექტემბრიდან - 2019 წლის იანვრის ჩათვლით განხორციელებულ კორესპონდენციას, ჟურნალისტურ საგამოძიებო რეპორტაჟებსა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და სამართლიანი არჩევნების მიერ ზოგიერთი საჯარო მონაცემის გადამოწმების შედეგებს.

„პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ცხადად ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში (განსაკუთრებით მეორე ტურის წინ და შემდეგ თვეებში) საგრძნობლად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და სატრანსპორტო საშუალების მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟებში ბევრმა პირმა დაადასტურა დოკუმენტებში მოყვანილი გარემოებები” - წერია ანგარიშში.

NGO-ები იუწყებიან, რომ დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, რომ ამ სქემის შემსრულებლები მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.

ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო სქემა

გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის სექტემბრიდან - 2019 წლის იანვრის ჩათვლით ათამდე სხვადასხვა ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, რომელიც, მამხილებლის განმარტებით, ქართული ოცნების რეგიონულ შტაბებს ეკუთვნოდა, ინფორმაცია იგზავნებოდა სამ მისამართზე და ყველა მონაცემი კი თავს იყრიდა მისამართზე securgd@gmail.com.

მიღებული ორასამდე წერილი შეიცავდა იმ ასობით ადამიანის მონაცემების სიებს, ვისაც გარკვეული სამართლებრივი საჭიროებები გააჩნდათ. მიღებული სიები კი იგზავნებოდა 2 ელექტრონულ მისამართზე, რომლებიც წყაროს ცნობით, გიორგი პატარიძესა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს ეკუთვნოდათ.

მსჯავრდადებულებისათვის (პრობაციონერებისთვის) პირობითი მსჯავრის მოხსნა

 გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით სავარაუდოდ გიორგი პატარიძისთვის 1700-მდე მსჯავრდადებულის (პრობაციონერის) შესახებ ინფორმაცია გაიგზავნა.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პრობაციონერები და მათი ოჯახის წევრები წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობდნენ, მმართველი პარტია კი მათ მონაცემებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უგზავნიდა, რათა მათთვის სასამართლო განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაეუქმებინათ და ნასამართლობა მოეხსნათ.

სიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ქართული ოცნების რეგიონული შტაბებიდან შეგროვებულ მსჯავრდადებულთა ჩამონათვალს, მათ ჩადენილ დანაშაულს, შეფარდებული სასჯელი, პირობითი მსჯავრის ხანგრძლივობა და მსჯავრის გაუქმების მოთხოვნას მოიცავდა. სიებში შენიშვნის გრაფაში კი მითითებული იყო რა ფორმით ეხმარებოდა პირი პარტიას ან/და სხვა დამატებითი ინფორმაცია.

მიუხედავად იმისა, რომ პატარიძისგან საპასუხოდ გაგზავნილი წერილები კორესპონდენციაში არ იძებნება, ორგანიზაციების ხელთ არსებული წერილების შინაარსიდან იკვეთება, რომ კორესპონდენცია ცალმხრივი არ იყო და სქემა გამართულად მუშაობდა.

ერთ ერთ წარდგენილ დოკუმენტში მიღებული სიების საპასუხოდ იუსტიციის მინისტრის მოადგილისგან, სავარაუდოდ, იგზავნებოდა პასუხები, რომლებშიც აღნიშნული იყო ის, თუ როგორ გადაწყდა სიაში მყოფი პრობაციონერების მოთხოვნები.

გარდა securgd@gmail.com-ის კორესპონდენციისა, გავრცელებულ ანგარიშში არის, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის და რეგიონული მდივნის დიმიტრი სამხარაძისთვის სავარაუდოდ მცხეთის მერის და პარტიის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის მხრიდან 2018 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული წერილი, რომელშიც კაპანაძემ 9 პრობაციონერს ასახელებს და მათთვის „სათანადო დახმარების“ გაწევას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ტვ პირველის ერთ-ერთი რეპორტაჟის მიხედვით, ჩამოთვლილი 9 პრობაციონერიდან რამდენიმეს პირობითი მსჯავრი ნამდვილად გაუუქმდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვეს პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ სტატისტიკა. სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში წინა თვეებთან შედარებით მრავალჯერ მეტი ოდენობის პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე მიიღო გადაწყვეტილება

2018 წლის მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში 3,000-ზე მეტ პირს მოეხსნა პირობითი მსჯავრი, რაც წინა თვეებთან შედარებით 50-ჯერ მეტია.  პირობითი მსჯავრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე ჩვეულებრივ  წინა თვეებში.

პრობაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, პირობით მსჯავრთა გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია, 2018 წლის ნოემბერში და დეკემბერში 13-ჯერ შეიკრიბა, როცა  სხვა თვეებში, თვეში ერთხელ იკრიბებოდა.  ორგანიზაციების ცნობით, პრობაციის სააგენტოდან მიღებული ეს მონაცემები კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის წინა ქვეთავში აღწერილი სქემის ნამდვილობას.

მსჯავრდადებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება

ორგანიზაციების გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, securgd@gmail.com-დან გიორგი პატარიძისთვის გაგზავნილ წერილებში, ასევე, იყო ინფორმაცია 70-მდე მსჯავრდადებულზე, ვინც პენიტენციური დაწესებულებიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვდა.

„როგორც კორესპონდენციიდან და გაგზავნილი მონაცემების ანალიზიდან იკვეთება, მსჯავრდადებულების ოჯახის წევრები ან/და თავად მსჯავრდადებულები გათავისუფლების შემთხვევაში პირობას დებდნენ, რომ იმუშავებდნენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმების მობილიზებისთვის, ხოლო პარტია მათ სიებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უგზავნიდა“ - წერია ანგარიშში.

დართულ სურათებზე ასახულია გაგზავნილი სიების ფრაგმენტები, რომლებიც პატარიძისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმას ასახავს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მსჯავრდადებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაც სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას, ამომრჩეველთა მოსყიდვასა და ცალკეული თანამდებობის პირების სამოხელეო დანაშაულს წარმოადგენს.

შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება

გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბერი - 2019 წლის იანვრის შუალედში securgd@gmail.com-დან სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან იმ 900-მდე ადამიანის სია გაიგზავნა, ვისაც შეჩერებული ან ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

აქაც, მოქმედების სქემა მსგავსი იყო: პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზების სანაცვლოდ, ქართული ოცნება სიაში მყოფი ადამიანებისთვის შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას უზრუნველყოფდა.

ერთ-ერთ დოკუმენტში კი იკვეთება, რომ სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი პარტიას მართვის უფლების დაბრუნებისთვის აუცილებელი დინამიკური-ნარკოლოგიური შემოწმების გვერდის ავლაში დახმარებას სთხოვს, ოცნება კი ამ თხოვნას შსს-ს მაღალჩინოსანს უგზავნის.

ამავე ტიპის თხოვნას ვხვდებით 2018 წლის 22 ნოემბერს securgd@gmail.com-დან პატარიძისა და ხოჯევანიშვილისთვის გაგზავნილ წერილზე მიბმული ფაილი, რომელიც 6 პრობაციონერის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თხოვნას შეიცავს.

მათ შორის ერთ-ერთ ადამიანზე მითითებულია, რომ მას სამსახურიდან სთხოვენ ნარკოლოგიურ ცნობას „სამხარაულის ბიუროდან“ და ის, როგორც მარიხუანას მომხმარებელი, „არ იქნება სუფთა“ და ამიტომ იგი დახმარებას ითხოვდა. 

წერილში მოყვანილი გარემოებები თავად პრობაციონერმა ტვ პირველს დაუდასტურა.

securgd@gmail.com-დან სავარაუდოდ ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან 18 წერილი გაიგზავნა, მათი ძირითადი ნაწილი მართვის უფლების აღდგენას ეხებოდა. ერთ-ერთ წერილში კი 4 ადამიანისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჯარიმის გაუქმება იყო მოთხოვნილი. მათგან ერთ-ერთმა ასევე ტვ პირველს დაუდასტურა, რომ მას გაუუქმეს საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებული ჯარიმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრობაციის ეროვნული სააგენტოსგან სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს. მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მართვის უფლების შეზღუდვის აღდგენასა და ვადის შემცირებაზე 2018-2019 წლებში გაცემული თანხმობების სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში გაცემული თანხმობები რამდენჯერმე აღემატება წინა და შემდეგი თვეების მაჩვენებლებს, რაც ადასტურებს აღწერილი სქემის მოქმედების პერიოდს. 

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გავლენის მოხდენა

2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრის პერიოდში securgd@gmail.com-დან  პატარიძემ და ხოჯევანიშვილმა მიიღეს 20-მდე იმ ადამიანის მონაცემების შემცველი სია, ვისზეც მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა. წერილებში ამ ადამიანებისთვის სასჯელის შემსუბუქება (ძირითადად საპროცესო შეთანხმების გაფორმება) იყო მოთხოვნილი.

ამ პირთაგან ერთ-ერთის მამამ ტვ პირველს დაუდასტურა, რომ მის შვილს, რომელსაც ქურდობის გამო ბრალდება ჰქონდა წარდგენილი და ნამდვილად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

მთავარი არხის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში კი ასევე ერთ-ერთმა მოქალაქე ადასტურებს, რომ არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ  სასჯელი შეუმსუბუქეს.

სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესება

ანგარიშში ასევე ვხვდებით წერილს, რომელიც 2018 წლის 18 ოქტომბერს ელექტრონული ფოსტიდან truqiadavid@gmail.com secrugd@gmail.com-ზე გაიგზავნა. ამ წერილში გლდანის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე ორი მსჯავრდადებულისთვის სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა, რის სანაცვლოდაც ეს ადამიანები, ვისაც წერილის მიხედვით „დიდი ავტორიტეტი“ აქვთ ქართულ ოცნებას საარჩევნო ხმების მობილიზებაში დახმარებოდნენ.

მოპოვებულ დოკუმენტებში ბექა მიქაუტაძის მიერ ხელმოწერილი მსგავსი შინაარსის 3 წერილი იძებნება, სამივე მათგანში არაფორმალური გზით პატიმართა პირობების გაუმჯობესებაა მოთხოვნილი. მიზანი ყველა ამ შემთხვევაში მსჯავრდადებულების წინასაარჩევნო მიზნით გამოყენება იყო.

შემოსავლების სამსახურის საარჩევნო მიზნებით გამოყენება

ორგანიზაციებისთვის მიწოდებულ მასალაში არის ერთი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს იმ 28 ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის მონაცემებს, ვინც სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ და სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ჰქონდათ.

დოკუმენტში მოცემულია მათი საგადასახადო დავალიანება (მათ შორის ჯარიმა, საურავი), აგრეთვე, „განცხადებით შემოთავაზებული თანხა“ და „განცხადებით შემოთავაზებული თანხის გადახდის ვადა“. ამ 28 იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე განცხადებით მიმართეს.

„ამ დოკუმენტში განსაკუთრებით საყურადღებო „შენიშვნის“ გრაფა იყო, რომელიც მოიცავდა განმცხადებლის შესახებ როგორც საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში დაცულ მონაცემებს. მაგალითად, მასში მოცემული იყო პირისა (კომპანიის შემთხვევაში მესაკუთრის) და მისი ოჯახის წევრებთან (და არა მარტო ოჯახის წევრების) დაკავშირებით არსებული სისხლის სამართლის საქმეები, საზღვრის კვეთის ცნობები, შემოსავალი და ა.შ. ამავე გრაფაში აღნიშნული იყო, პირს რაიმე სახის კავშირი ჰქონია თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან (შემოწირულება, კონტრაქტი, ანაზღაურება).“ - წერია ანგარიშში.

ორგანიზაციების თქმით, დოკუმენტის ანალიზი აჩენს ეჭვს, რომ შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებას იღებდა პოლიტიკური საფუძვლებით მმართველ პარტიასა და სუს-თან შეთანხმებით.

ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ტელეკომპანია ფორმულას მომზადებულ რეპორტაჟში ერთ-ერთი ადამიანის ოჯახის წევრმა დაადასტურა საგადასახადო დავალიანების გაუქმების ფაქტი.

ანგარიშში ასევე თანდართულია მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი ირაკლი კობახიძეს, დიმიტრი სამხარაძეს და ქართული ოცნების სხვა წევრებს მიმართავს, რომ მითითებულ პირს უშუამდგომლონ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში, რადგან მას "სჭირდება მანქანის დახსნა".

 

მარნეულში პოლიტიკურ ოპონენტებზე მასშტაბური ზეწოლის გეგმა

securgd@gmail.com-ის კორესპონდენციაში, ასევე, იძებნება წერილი რომელშიც ჩანს, რომ მამუკა ნავერიანი, რომელიც 2018 წელს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, მარნეულში პოლიტიკური ოპონენტებისა და მათზე ზემოქმედების გზებზე საუბრობს. 

წერილს თან ახლავს ორი დოკუმენტი. ერთ-ერთი  მარნეულის მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლის მიხედვით, ჯამში 200-მდე ადამიანზე დეტალურადაა აღწერილი იმ ადამიანების საქმიანობა, ნათესაური და სოციალური კავშირები და გავლენები , რომლებიც ქართულ ოცნებას არ უჭერენ მხარს. ამავე ფაილში ხაზგასმითაა აღნიშნული ოპოზიციურად განწყობილი პირების ან მათი ოჯახის წევრების ბიზნესებსა და კერძო საკუთრებაზე. ზოგიერთი ბიზნესის მესაკუთრის გასწვრივ კი წერია სიტყვა „ზედამხედველობა”. ზოგიერთ ახალგაზრდებზე კი წერია მითითება „ჯარი”. 

ორგანიზაციების ცნობით, პარტიის მხრიდან კონკურენტი პარტიების მხარდამჭერთა შესახებ საჯარო ინფორმაციის შეგროვება უკანონო ქმედება არ არის, თუმცა დოკუმენტებში გვხვდება ისეთი ინფორმაციაც გვხვდება, რაც შესაძლოა არასაჯარო წყაროებიდანაა მოპოვებული.

დოკუმენტების შინაარსიდან კი იკვეთება, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებზე ასეთი ინფორმაციის მოძიების მიზანი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით მათზე ზეწოლა იყო. ამის დასტურია ნავერიანის წერილზე მიბმული მეორე დოკუმენტი, რომელშიც ინფორმაცია დალაგებული იყო იმ ორგანოებს/უწყებების მიხედვით (შემოსავლების და ზედამხედველობის სამსახური, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი, პოლიცია, პრობაციის სამსახური და სამხედრო კომისარიატი), რომლებიც პირველ დოკუმენტში ჩამოთვლილ ადამიანებზე  ზემოქმედების მიზნით შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. ამავე დოკუმენტში  ნავერიანი თითოეული ადამიანის შემთხვევაში პარტიას სახელმწიფო რესურსებით ზეწოლის შესაძლო გზებს სთავაზობს.

„შემოთავაზებული ქმედებები განხორციელების შემთხვევაში სისტემური ხასიათის სამოხელეო დანაშაულების ჩადენას გულისხმობს და ძნელად სავარაუდოა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ასეთი გეგმა პარტიისთვის ისე შეეთავაზებინა, რომ არ არსებობდა მისი წინასაარჩევნოდ გამოყენების დამკვიდრებული პრაქტიკა და შესაბამისი პოლიტიკური ნება” - წერია ანგარიშში.

ამ დოკუმენტის გარემოებებს ტვ პირველის გაკეთებულ რეპორტაჟში, რამდენიმე მოქალაქეც ადასტურებს.

წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადება

მამხილებლის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიწოდებულ მასალებში ასევე არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 25 წვევამდელის ინფორმაციას. სიის სათაურია

„აღნიშნული პირები არიან წვევამდელები, ითხოვენ სამსახურის გადავადებას, მხოლოდ მიაწერეთ რამე ხომ არ გაქვთ საწინააღმდეგო“.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მასალის მეორე ნაწილში საუბარია საჯარო სამსახურების პოლიტიზირებაზე.

გოგაშვილის მიერ ორგანიზაციებისთვის მიწოდებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნება და სუს-ი ერთად ქმნიდნენ საჯარო სკოლის დირექტორების პოლიტიკურ დოსიეებს და საკადრო პოლიტიკის გატარებისას დოსიეებში მოცემულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ.


close დახურვა