პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ "ფსიქოლოგიური ტერორის კამპანიის" ავტორები სხვა ქვეყნების, ორგანიზაციების თუ ჯგუფების აგენტები არიან. რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაჭავარიანი პარტიის სახელით იმუქრება, რომ ოპონენტების მხრიდან ყველა ზემოქმედებაზე "უმკაცრესი პასუხი" ექნებათ.
"მოგონილი საუკუნის აფიორით და სიტყვა რუსულის მილიონჯერ და უარგუმენტოდ გამეორებით, ვერც ვეღარავის მოატყუებთ და ვერც დააბულინგებთ. ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება უსამართლობას და სხვა ხალხის მიერ აგენტურის ხელით ქვეყნის მართვას. არ ვაპირებთ გაგიტაროთ თქვენი არც ერთი ამორალური გამოხტომა. კარგად იცოდეთ, რამდენი მცდელობაც გექნებათ გამოავლინოთ თქვენი ფაშისტური ზრახვები, რამდენჯერაც ეცდებით ჩვენზე, განსაკუთრებით კი ჩვენი ოჯახის წევრებზე და მხარდამჭერებზე რაიმე სახის ბინძურ ზემოქმედებებს, ზუსტად იმდენჯერ მიიღებთ უმკაცრეს რეაგირებას ჩვენგანაც და საზოგადოებისგანაც!" - განაცხადა მაჭავარიანმა.
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების, პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სხვადასხვა შინაარსის წარწერებსა და პლაკატებს ტოვებდნენ სახლებსა და სადარბაზოებთან, ხორციელდებოდა მუქარის შემცველი ზარები. აღნიშნულ საქმეებზე შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
რუსული კანონის მიღების შემდეგ კი აქტივისტები დეპუტატების სახლებთან ტოვებდნენ წარწერებს, ასევე ქუჩაში შეხვედრის დროს შეძახილებით აცილებდნენ.
ამავე დროს, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა დიტო სამხარაძემ აღიარა, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების უკან ქართული ოცნება დგას.