logo
ENG



მდინარაძე: გუნდის შიგნით, ლიდერებს შორის ურთიერთობა ახლა ყველაზე მყარია

11 დეკ 202117:17
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მტკიცებით, რომ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუნდის ლიდერებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი მყარი როგორც ახლაა. 

რაც შეეხება ფორმულას ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს მომავალში თანამდებობის დატოვებას აპირებს, მდინარაძე ამბობს, რომ ეს ჭორია. 

"პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არა თუ დაპირისპირება გუნდის შიგნით ლიდერებს შორის, არამედ პირიქით, ასეთი მყარი ბოლო წლების განმავლობაში გუნდის შიგნით ლიდერებს შორის ურთიერთობა არ ყოფილა. ტიკარაძემ თქვა, რომ ხელმძღვანელობდა უწყებას ურთულეს პერიოდში. ურთულესია, საპასუხისმგებლოა, ნებისმიერ ადამიანს გააჩნია რაღაც რესურსი, რომლის შემდეგაც ფიქრობს, რომ რაც შეეძლო გააკეთა და ახლა უნდა წავიდეს და სხვამ გააგრძელოს - დაახლოებით ეს ვორდინგი ჰქონდა. ღარიბაშვილი არის ის პრემიერი, რომელსაც უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ამ ქვეყნის პატრიოტი კაცია, საფუძველი არ არსებობს, გარდა თქვენს მიერ მოგონილი ჭორებისა, რომ მისი მხრიდან თანამდებობის დატოვებაზე ვიფიქროთ", - თქვა მდინარაძემ

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის წევრები, საკრებულოების და პარლამენტის უმრავლესობის წევრები პანდემიის ფონზე წინანდალში, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში იმყოფებიან. ისინი შეხვედრებს მართავენ. 

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.

რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით. 


close დახურვა