logo
ENG



მდინარაძე: ენმ სასოწარკვეთილების პიკშია, ისინი არჩევნების დღეს აქციის გამართვას გეგმავენ

28 ოქტ 202015:32
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: ენმ სასოწარკვეთილების პიკშია, ისინი არჩევნების დღეს აქციის გამართვას გეგმავენ

ქართული ოცნების ერთიერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას აპირებს, რაც, მდინარაძისვე აზრით, "სასოწარკვეთილების პიკი" და ფსონის სიტუაციის რადიკალიზაციაზე დადებაა:

"ნაციონალური მოძრაობა არჩევნების ნაცვლად აქციებისა და არეულობისთვის რომ ემზადება, ეს არ არის ახალი საზოგადოებისთვის. ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ, 12 საათიდან იკრიბებიან, არჩევნების დღეს - ხაზს ვუსვამ. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას ამ მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას.

ეს ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის სასოწარკვეთილების პიკში, მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ, შესაბამისად, როცა პოლიტიკური პარტიები, მათი აქტივისტები, მხარდამჭერები და მთელი მოსახლეობა ხმის მიცემის საარჩევნო პროცესში იქნება ჩართული, როგორც ჩანს, ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით ნაციონალური მოძრაობა ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე, არეულობის შექმნაზე აკეთებს და სრული რესურსით, ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება", - თქვა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, პარტიას არჩევნებზე ამომრჩევლის მობილიზების ნაცვლად დესტრუქციული ქმედებები აქვს მიზნად და მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ "მათ მორიგ მავნებლურ ზრახვებს, ამ უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებას კიდევ ერთხელ გასცეს ღირსეული და საკადრისი პასუხი".

აღსანიშნავია, რომ დღესვე ბირიფინგი გამართა ქართული ოცნების კიდევ ერთმა ლიდერმა - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებს მმართველი გუნდი დამაჯერებლად მოიგებს, ამის გამო კი ოპოზიცია დესტრუქცული ქმედებებისთვის ემზადება.

რაც შეეხება არჩევნების დღეს დაგეგმილ აქციას, რომელზეც მდინარაძემ ისაუბრა, მერიაში გვეუბნებიან, რომ მათთან აქციის გამართვის თაობაზე შეტყობინება შესულია როგორც 29, ასევე 31 ოქტომბრისთვის.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ფორმულას უთხრეს, რომ მამუკა მდინარაძეს 17:00 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე უპასუხებენ.


close დახურვა