logo
ENG



მდინარაძე: ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას, გავაგრძელებთ მუშაობას

21 დეკ 202219:40
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას, გავაგრძელებთ მუშაობას
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მათ მიერ შეთავაზებული ომბუდსმენობის 5 კანდიდატიდან, ოპოზიცია არცერთს არ უჭერს მხარს, ამიტომ ომბუდსმენის არჩევას ამ სესიაზე ვერ შეძლებენ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები. დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია შედეგი გითხრათ, რომ იმ 5 კანდიდატიდან, რომელთაგანაც შევთავაზეთ, რომ ამოერჩიათ ერთი და მხარი დაეჭირათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იყო შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ", - განაცხადა მან.

მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ომბუდსმენობის 2 კანდიდატზეა ჩამოყალიბებული და "იმის იქით, არავის მხარდაჭერას აპირებენ".

"ჩვენ საგაზაფხულო სესიისთვის შევეცდებით, რომ ეს ხარვეზი აღმოვფხვრათ. საბედნიეროდ, გადაწყვეტილება ევრო რეკომენდაციის შესრულების და მისი დედლაინი ბოლო ვადის წელს არ არის და იცით განცხადებები ჩვენი მეგობრებისგან, რომ გაისად, წლის ბოლოს იქნება ეს ყველაფერი და ამიტომ, ჩვენ გვრჩება საშუალება, რომ ამ საკითხებზე ინტენსიური მუშაობით შევთანხმდეთ საგაზაფხულო სესიაზე", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საშემოდგომო სესიაზე ვერ აირჩევენ ვერც იუსტიციის საბჭოს წევრებს და ხვალინდელ კენჭისყრებს ფორმალური ხასიათი ექნება.

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა.

31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენი პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. 

ამასთან, პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.

მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.

15 სექტემბერს, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით.


close დახურვა