logo
ENG



მდინარაძე სასამართლოს კომისიაზე: ყველაფერს აკეთებენ, რომ ნაღმები ჩადონ - არ ჩავადებინებთ

01 მაი 202322:02
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე სასამართლოს კომისიაზე: ყველაფერს აკეთებენ, რომ ნაღმები ჩადონ - არ ჩავადებინებთ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შეიქმნეს.

მდინარაძე ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს და მას საბოტაჟის მოწყობაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნით "ნაღმის" ჩადებას ცდილობს, რის საშუალებასაც, მდინარაძის თქმით, არ მისცემენ.

"ჩვენ ასე იმიტომ ვიქცევით, რომ არ მივცეთ რადიკალურ ოპოზიციას საბოტაჟის საშუალება. როცა ევრორეკომენდაციების შესრულებაზეა ლაპარაკი, რა დროს საპარლამენტო კომისიის შექმნაზეა ლაპარაკი, რომელიც ჩანს რომ სასამართლოს და ქართული სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული - მათ აქვთ ეს მოლოდინი... ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს არ დაბრალდეს რეკომენდაციების არშესრულება, საბაბი არ მივცეთ იმ გეგმის შესასრულებლად, რომ საქართველოს არ მიეცეს სტატუსი და ამან გამოიწვიოს არეულობა. ამ დროს ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ პატარ-პატარა ნაღმები ჩადონ და ერთ-ერთი ნაღმი, არა მთლად პატარა, სასამართლოს შესახებ კომისიის შექმნის მოთხოვნაა. ამ ნაღმს არ ჩავადებინებთ. პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთია და სამართლებრივად კონსტიტუციის და რეგლამენტის კითხვა ამ ხალხმა ვერ ისწავლა, მე რეპეტიტორად არ გამოვადგები", - აღნიშნა მდინარაძემ. 

***

ქართულმა ოცნებამ სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩააგდო. კომისიის შექმნას ოპოზიცია ითხოვს, თუმცა ოცნება ამ ინიციატივას არ იზიარებს.

ქართულმა ოცნებამ პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, რეგისტრაცია სამჯერ არ გაიარა, რის გამოც კენჭისყრა ვერ შედგა.

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავს ქმედებას მათ 18 და 20 აპრილსაც მიმართეს. 

მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ვერ შეძლოს. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ ინიციატივას "მოსამართლეების სოლიდარობის" ნიშნად არ იზიარებენ.

***

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.


close დახურვა