logo
ENG



მდინარაძე ISFED-ის განმარტებაზე: ვინ დაიჯერებს ამ ბავშვურ ტყუილს, მათ PVT გააყალბეს

25 დეკ 202016:44
3 წუთის საკითხავი
 

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნებმა (ISFED) პარალელური ხმის დათვლის (PVT) შედეგები შეგნებულად, ოპოზიციასთან შეთანხმების გზით გააყალბა, რათა ქვეყანაში არეულობისთვის და ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღის შექმნისთვის შეეწყო ხელი. 

ISFED-მა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად განმარტა, თუ რატომ მოუწია ორგანიზაციას 2020 წლის 11 დეკემბერს PVT-ის შედეგების ხელისუფლების სასარგებლოდ ჩასწორება. ორგანიზაციაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ პროცესი შეისწავლა და დაასკვნა, რომ ფორმულაში დაშვებული ხარვეზის მიზეზი, რომლის გამოც ნამდვილ ბიულეტენებთან ერთად შედეგებში ბათილი ბიულეტენების ასახვაც მოხდა, "ადამიანური შეცდომის" ბრალი იყო. 

თუმცა უმრავლესობის დეპუტატს ორგანიზაციის გულწრფელობის არ სჯერა და მას ოპოზიციასთან შეთანხმებით, ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. 

"პრაქტიკულად, გამოდის, რომ ეს ხალხი თავისი 'შეცდომით' ქვეყანას ატრიალებდა, ცესკოს გაყალბებას აბრალებდა და დღეს ცდილობენ, ეს ყველაფერი ადამიანური შეცდომით და შემთხვევითობით გაამართლონ", - ამბობს მდინარაძე, - "წარმოუდგენელია, შეცდომის დაშვება ამხელა გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მხრიდან, გამოდის, რომ ეს ხალხი თავისი "შეცდომით” ქვეყანას ატრიალებდა". 

მდინარაძე ამბობს, რომ ISFED-მა სპეციალურად შეცვალა პარალელური დათვლის შედეგები, რათა ოპოზიციისთვის მყარი საბაბი მიეცა არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ. მდინარაძe ასევე ამტკიცებს, რომ ორგანიზაციამ ჩასწორებული შედეგები 1 თვის განმავლობაში სპეციალურად დამალა. 

"სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან თავიდანვე რომ გამოექვეყნებინათ რეალური მონაცემები ნახავდნენ, დაემთხვეოდა ცესკოს მონაცემებს და კითხვის ნიშნები აღმოიფხვრებოდა", - ამბობს მდინარაძე და დასძენს, რომ ორგანიზაციას ჩასწორებული შედეგების გამოქვეყნება, საპროტესტო ტალღის განეიტრალების გამო მოუწია -"საპროტრსტო ტალღა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ვერ წამოიღეს და უკვე შემდეგ, დრომ იძულებული გახადა, რომ ჩვენს მოთხოვნაზე კონკრეტული პასუხი დაეფიქსირებინათ, რომ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ეს შეცდომა არ არის". 

თავად ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯაროდ განმარტეს, რომ ხმების დათვლის ფორმულაში ხარვეზი ინფორმაციის დაუზუსტებლობის გამო აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ, ორგანიზაციის ცნობით, პარალელური ხმების დათვლის პროგრამა მუდმივად განახლებადია. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნები არა თავიანთსავე არჩევნებზე ბოლოს გამოყენებულ პროგრამას, არამედ სხვა ქვეყანაში გამოყენებულ ყველაზე განახლებულ ვერსიას იყენებენ. 

2020 წლის არჩევნებზე ISFED-მა სერბეთში ადაპტირებული პროგრამული მოდელი გამოიყენა, სადაც ჩათვლილ ხმებთან ერთად პროგრამა ბათილ ბიულეტენებსაც ითვლიდა.

NDI-ის ექსპერტებთან შეხვედრის დროს, რომლებიც პარალელური დათვლის პროგრამას ტექნიკურად უზრუნველყოფდნენ, ISFED-ის წარმომადგენლებს წერილობით არ გადაუციათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია კონკრეტულად საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მოპოვებული ხმების დათვლის ფორმულა, რამაც შედეგების უზუსტობა განაპირობა. 

ორგანიზაციაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ვერ დაადგინა, წარმოუდგინეს თუ არა ISFED-ის წარმომადგენლებმა NDI-ის ექსპერტებს ეს ინფორმაცია შეხვედრისას ზეპირსიტყვიერად, თუმცა თავად ორგანიზაციის გადაყენებული თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია ზეპირსიტყვიერად ნამდვილად გაცვალეს. 

მდინარაძეს ორგანიზაციის განმარტებებს "ბავშვურ ტყუილს" უწოდებს და ხმების დათვლის პროცესში მექანიკური შეცდომის შესაძლებლობას გამორიცხავს. 

"ამ ქვეყანაში რამდენი ადამიანი გეგულებათ, ვინც ამ ბავშვურ ტყუილს დაიჯერებს?", - ამბობს მდინარაძე, - "ფაქტია, რომ არჩევნების ნაცვლად, თურმე, ამ ქვეყანაში PVT გაყალბებულა".

ხელისუფლების მხრიდან PVT-ის შეგნებულ გაყალბებაზე საუბარს სპეკულაციად და რეალური საარჩევნო ხარვეზებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს ორგანიზაციის აწ უკვე გადაყენებული თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე. ნიჟარაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ PVT-ის შედეგებით არჩევნების გაყალბებაზე მსჯელობა არ ხდება. მისი თქმით, საარჩევნო ხარვეზების შესახებ საუბარი ორგანიზაციის სხვა სადამკვირვებლო დასკვნებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი - ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსის, ბიულეტენობის ზედმეტობისა და კარუსელების ჩათვლით. 

ISFED-ის მიერ PVT-ის შედეგების ჩასწორებას მრავალმხრივი სპეკულაციები მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდან. თავად ოპოზიციის წარმომადგენლების ცნობით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და მისმა აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წინასწარ იცოდნენ პარალელური ხმის დათვლის შედეგების ჩასწორების შესახებ და ელჩების შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე ოპოზიციას არჩევნების გაყალბებაზე მსჯელობას სწორედ PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით სთავაზობდნენ

ISFED-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ შედეგების ჩასწორების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფს ჰქონდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, თუ საიდან შეიძლებოდა მმართველ გუნდს კონფიდენციალური ინფორმაცია მის გასაჯაროვებამდე მოეპოვებინა. ნიჟარაძე ხელისუფლების მხრიდან ფარულ მიყურადებასაც არ გამორიცხავს. 

ორგანიზაციაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გუშინ ელენე ნიჟარაძე ISFED-ის თავმჯდომარეობიდან გადააყენა. თავად ნიჟარაძემ დღეს, 25 დეკემბერს განაცხადა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება თავად, ორგანიზაციის რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით მიიღო. 

 

 

 

 


close დახურვა