logo
ENG



მედიაკოალიცია 5-6 ივლისზე ანგარიშს აქვეყნებს და ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს

20 სექ 202115:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/20/ltfjklh85lrhbm3.png

მედიაკოალიცია 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს რეკომენდაციებით მიმართავს. 

5 ივლისს, 18:00 საათზე თბილისი პრაიდის ფარგლებში რუსთაველის მეტროდან ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მოძალადე ჯგუფები აქციის დასარბევად კვირების განმავლობაში ემზადებოდნენ. პრორუსული მედია ალტ ინფოს ლიდერი, ზურაბ მახარაძე ძალადობას პირდაპირი ეთერის გზით აანონსებდა. 

მოძალადე ჯგუფებმა აქციის დასარბევად შეკრება წინა ღამეს დაიწყეს. 5 ივლისის დილით 10:00 საათიდან კი მათ ჯერ პარლამენტის წინ განთავსებული ოპოზიციური კარვები აიღეს, შემდეგ კი ჟურნალისტების ცემა დაიწყეს და მათ ფიზიკურად რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდნენ.

პოლიცია ძალადობის ადგილზე მცირე რაოდენობით იყო მობილიზებული, სახელმწიფო, პრაქტიკულად, უმოქმედო იყო, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განცხადება დაახლოებით 12:00 საათზე გააკეთა და მაშინ, როცა მოძალადეები თბილისის ქუჩებში ადამიანებს სასტიკად სცემდნენ, პასუხისმგებლობა თბილისი პრაიდს დააკისრა. 

დაშავდა 53 ჟურნალისტი, მათგან რამდენიმეს ოპერაციაც კი დასჭირდა. ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა სასტიკად ცემიდან 6 დღეში, 11 ივლისს, საკუთარმა დედამ გარდაცვლილი იპოვა. 

ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან. 

მედიაკოალიციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

საქართველოს პარლამენტი

  • საქართველოს პარლამენტმა დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, რათა შეფასდეს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯები;
  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ და მკაფიოდ, არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები თუ ქმედებები;
  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეუხებლობას.

საქართველოს მთავრობა

  • საქართველოს მთავრობის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
  • საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტი და უზრუნველყოს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;
  • მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ გაემიჯნონ ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას;
  • საქართველოს მთავრობამ მიიღოს ზომები მედიის წარმომადგენლებისათვის კანონით გარანტირებული უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 

  • დროულად ჩაატაროს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება მედიის წარმომადგენლების დაზიანების ფაქტებზე და უზრუნველყოს დანაშაულის ორგანიზატორთა და შემსრულებელ პირთა გამოვლენა;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
  • 5 ივლისის მასშტაბური ძალადობის გათვალისწინებით, სამართალდამცავი უწყებისათვის შექმნას სპეციალური ინსტრუქცია მედიის უსაფრთხოების დაცვის შესახებ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა

  • დროულად ჩაატაროს ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება მედიის წარმომადგენლების დაზიანების ფაქტებზე. პროკურატურამ უზრუნველყოს დანაშაულის ორგანიზატორთა გამოვლენა. მათ შორის, ძალადობრივი ქმედებებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებთან დაკავშირებით;
  • ჩაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძალადობის აღმკვეთი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოძიება, და შეისწავლოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. 

"მედიაზე ძალადობის შეჩერებისა და პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასამართლომ საქმეთა განხილვა წარმართოს დროულად, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, შეისწავლოს თავდამსხმელების მოტივაცია და თითოეულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტოს, როგორ ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში მედიის უსაფრთხოების დაცვა.

ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა გააგრძელოს 5 და 6 ივლისის ძალადობრივი ფაქტების გამოძიების პროცესზე დაკვირვება და ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით". - აცხადებს მედიაკოალიცია. 

მასში შემავალი ორგანიზაციები არიან: 

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი მედიაკლუბი მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უფლებები საქართველო ღია საზოგადოების ფონდი

close დახურვა