ებრაული და არაბული მედიების ცნობით, ეგვიპტეში შეიარაღებულმა პირმა ისრაელის მოქალაქეებით სავსე ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა.
გამოცემა Walla News წერს, რომ ინფორმაცია ერთ მოკლულისა და ერთი დაჭრილის შესახებ მიიღეს. RT Arabic-ის ცნობით კი, წყარომ განუცხადა, რომ ცეცხლი პოლიციელმა გახსნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარის შესახებ უფრო მეტი დეტალის გარკვევას ცდილობენ.
გუშინ, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.