logo
ENG



მელაშვილის ადვოკატი მეუფე დავითზე: განცხადებაში მრავალი ფაქტობრივი უზუსტობაა

11 თებ 202120:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/11/yzrgq1hjjpiirhz.jpg

ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს ეხმაურება და ამბობს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის გავლების შესახებ სინოდის გადაწყვეტილებაზე მღვდელმთავრის განცხადება მრავალ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. 

მეუფე დავითმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს ტელევიზიასთან განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში სინოდმა სწორედ იმ რუკის გამოყენების აუცილებლობა დაადგინა, რომლის გადამალვასაც პროკურატურა დაკავებულ კარტოგრაფებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება. 

"სინოდმა დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 000-იანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი", - განაცხადა ალავერდელმა ეპისკოპოსმა. 

მელაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ 1937-38 წლების რუკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთში მოღვაწე ქარველმა ბიზნესმენმა, დავით ხიდეშელმა მიაწოდა, სინამდვილეში 1933-34 წლების საფუძველზეა დაბეჭდილი, 1938 წელს კი - გამოცემული. 

მარიკაშვილი ასევე ამბობს, რომ 1996 წელს სახელმწიფოები არა 1:200 000 რუკების გამოყენების აუცილებლობაზე, არამედ 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი 1938 წელს ორმხრივად შეთანხმებული ხაზის გამოყენებაზე შეთანხმდნენ. 

საპატრიარქოს დღევანდელი სინოდის სხდომის ოფიციალური ოქმი და განჩინება ჯერ არ გამოუქვეყნებია. მიუხედავად ამისა, მღვდელმთავრების განცხადებები თავიდანვე მომწობდა, რომ სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი დავით გარეჯის საქმე იქნებოდა. 

პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს სახელმწიფოს მიწების გადაცემისკენ მიმართულ ქმედებას, სწორედ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხთან მიმართებით ედავება. საქმეში ამ დრომდე, მოწმის სახით, არაერთი სასულიერო პირი გამოიკითხა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები საქმის დაწყების დღიდან უკიდურესად ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის, საქმის ფიგურანტების შესახებ. საკითხზე პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა საქართველოს საპატრიარქომ. 

ალავერდელმა ეპისკოპოსმა ერთსულოვნებასთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ტელევიზიაზე გადაცემების ციკლი დაიწყება, რომელიც მთლიანად დავით გარეჯის პრობლემატიკას და ქართული ძეგლების ისტორიას მიეძღვნება. 


close დახურვა