logo
ENG



მელია: მთავრობა იძულებული გახდა, განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე

02 მარ 202221:08
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ქართული ოცნება იძულებული გახდა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დაუყოვნებლივ გაეკეთებინა. 

მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ქართველების პროტესტის შედეგია.

მან ევროკავშირს მიმართა, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რადგან ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპის ნაწილად ყოფნას.

"ვულოცავ ქართველ ხალხს, მისმა ბრძოლამ, შემართებამ და თავისუფლების წყურვილმა შედეგი გამოიღო. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე, თანაც დაჩქარებული წესით.

მინდმა მივმართო დასავლურ სამყაროს: ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკის და დიახ ჩვენ შეიძლება არ გვყავს ღირსეული მთავრობა მაგრამ ვართ ღირსეული, მებრძოლი ერი. შეიძლება, ჩვენი მთავრობა არ იმსახურებს თქვენს ლოიალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას. ამიტომ ვთხოვთ სრულიად ევროპას, მიიღოთ ეს განაცხადი. საქართველოს ადგილი ევროპაშია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, მაშინ, როცა დასავლეთი მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის, საქართველოს მთავრობა პირდაპირ უპირისპირდება და უკრაინის პრეზიდენტსა და ხალხს.

მან ასევე აღნიშნა, რომ დავით არახამია მიმდინარე კონფლიქტში უკრაინის მხრიდან მტერთან მთავარი მომლაპარაკებელია და მისი კრიმინალად გამოცხადება რუსეთის ინტერესებში შედის. 

"საქართველოს მთავრობა რუსეთის ბელარუსისა და ყირგიზეთის ხელისუფლებების კვალად საჯაროდ თავს ესხმის პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს.

ქართული ოცნება ასევე თავს ესხმის უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელს მთერთან და აფხაზეთიდან დევნილ დავით არახამიას და რუსეთის და კრემლის მსგავსად, ბატონ არახამიას კრიმინალს უწოდებს, ეს არის პირდაპირი თავდასხმა უკრაინაზე რუსეთის სასარგებლოდ და მსგავსი რიტორიკა არსობრივად ანტიევროპულია." - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ენმ-სთვის უკრაინასთან კოორდინაციაში საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის მცდელობის ბრალდებით, ქართული ოცნება საკუთარი "ამორალური პოზიციის" გადაფარვას ცდილობს. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს საქართველო ხვალ წარადგენს.

კობახიძის თქმით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ წევრობაზე განაცხადს 2024 წელს შეიტანდნენ, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ გააკეთოს. 

გუშინ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აქციაზე სამი მოთხოვნა წამოაყენა - გადადგეს მთავრობა, დაიკეტოს ცა რუსეთთან და ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გაკეთდეს.


close დახურვა