logo
ENG



მერია: რეაბილიტაციის ბოლომდე წერეთლის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

19 იან 202410:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/19/16266b7cjfogzy6.png

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რეაბილიტაციის დასრულებამდე, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

მერიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც, წერეთლის გამზირზე, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

"შეზღუდვა შეეხება ცაბაძის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, თემურ ფიფიას, კედიას, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკისა და სამტრედიის ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის დაგების პროცესში საავტომობილო მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება. 

საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო"- ნათქვამია განცხადებაში.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და ნათქვამია, რომ "დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის".

 

17 იანვარს მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის იანვრის ბოლომდე დასრულებისთვის 4 კომპანიასთან კონტრაქტები გააფორმა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 17 მილიონ ნახევარი ლარია.

მერიამ კონტრაქტები გააფორმა კომპანიებთან: ბლექ სი გრუპი, პარმა, ენკო, ჯეუ გრუპი. 

თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ წერეთელზე საავტომობილო მოძრაობა "დათქმულ ვადაში" გაიხსნება.


close დახურვა