logo
ENG



მერიიდან მივლინებით ხალხს დასასვენებლად უშვებენ - ლევან ხაბეიშვილი

05 ნოე 201914:22
3 წუთის საკითხავი
 
d5tmbq8p7bdua38.jpg

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი მერიასა და საკრებულოში ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის საკითხს აფასებს და აცხადებს, რომ თანხებს კალაძე, საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი წესის გარეშე, განკარგავს.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სამივლინებო ხარჯები, ძირითადად არა კონკრეტული სიკეთისთვის, არამედ ვიღაცის დასვენებისთვის იხარჯება.

„როცა სამივლინებო ხარჯებზე ვსაუბრობთ, ფაქტობრივად დაუსაბუთებლად ხდება ადამიანების მივლინება. უბრალოდ ვოიაჟებია და დასასვენებლად უფრო უშვებენ, ვიდრე რაიმე კონკრეტული სიკეთისთვის. რაც შეეხება შტატგარეშე მომსახურებებს, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ფულის ფლანგვა კანონის გვერდის ავლით. სარეზერვო ფონდი ერთი თვით ადრე, მილიონნახევარი ლარით რომ იზრდება, ნიშნავს იმას, რომ ეს არის უკონტროლო თანხა. კალაძე განკარგავს საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი წესის გარეშე“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

საკრებულოს წევრი გიორგი გაბაშვილი აცხადებს, რომ მერიის საქციელი ბიუჯეტის მიმართ აგდებული დამოკიდებულებაა. 

„მიუხედავად კალაძის დაპირებისა, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების თაობაზე, აბსოლუტურად პირიქით ხდება პროცესი. შტატგარეშე თანამშრომელი აჰყავთ იმ საქმისთვის, რისთვისაც უკვე ჰყავთ შტატში თანამშრომელი. ეს არის აბსოლუტურად აგდებული დამოკიდებულება ბიუჯეტის მიმართ. პრინციპში თავისი თანხა ჰგონიათ და როგორც უნდათ ისე განკარგავენ“, - აცხადებს გაბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერიასა და საკრებულოში ბიუროკრატიული ხარჯების შესახებ კვლევა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, თბილისის მერიაში 2018 წელს შტატიანი თანამშრომლების ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით 4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება 3,4 მლნ. ლარით გაიზარდა.

მერიის მიერ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით დახარჯული თანხა 2018 წელს 1 მლნ 790 ათასი ლარით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა სავარაუდოდ უკავშირდება საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს შექმნასა და მის ადმინისტრაციულ ხარჯებს.

თბილისის მერიის მიერ 2018 წელს დახარჯული სატელევიზიო სარეკლამო თანხების 69% ტელეკომპანია “იმედშია” კონცენტრირებული.

მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები 2018 წელს წინა წელთან შედარებით 32%-ით არის გაზრდილი.


close დახურვა