მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დედაქალაქში "ნაწილობრივი მობილიზაციის" დასრულება გამოაცხადა. მისი თქმით, 17 ოქტომბერს 14:00 საათზე მობილიზაციისთვის გახსნილი პუნქტები დაიხურა.
"პრეზიდენტის ბრძანებულებისა და თავდაცვის სამინისტროს ინსტრუქციების საფუძველზე დაწესებული ნაწილობრივი მობილიზაციის ამოცანები სრულად შესრულებულია", - განაცხადა მან.
სერგეი სობიანინს არ უსაუბრია, რას გულისხმობდა ამოცანების "სრულად შესრულებაში" და რამდენი ადამიანი გაიწვიეს კონკრეტულად მოსკოვიდან.
14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება. მისივე მტკიცებით, 21 სექტემბერის შემდეგ, სავარაუდოდ, 222 000 ადამიანის მობილიზაცია განხორციელდა.