ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, „რუსთავი 2“-ის ეთერში მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, ხოლო იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს, ვისთვისაც საზღვრები იხსნება - არა.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის შენარჩუნება მათივე უსაფრთხოებას ემსახურება. ხოლო რაც შეეხება იმ 5 სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლისას კარანტინის გავლა არ მოუწევთ, თურნავა ამბობს, რომ ეს ევროპული შეთანხმების ნაწილია.
„რაც შეეხება კითხვას - არის თუ არა ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ეს ასე არ არის. ეს გავრცელდება ევროპის იმ მოქალაქეებზეც ვინც იმ 5 სახელმწიფოდან არ ჩამოდის. თუ რატომ არ ვამოწმებთ ამ 5 ქვეყანას, პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვართ საერთო ამ ევროპული შეთანხმების ნაწილი და ვალდებულებიც ვართ, რომ სიმეტრიული ზომები დავუწესოთ, ისინი არ ამოწმებენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ არ ვამოწმებთ მათ მოქალაქეებს, თუმცა არავინ თქვას, რომ ჩვენ უკონტროლოდ ვტოვებთ მათ მოქალაქეებს, თერმოსკრინინგი ტარდება, ელექტრონული ფორმა ივსება, იმ შემთხვევაში თუკი ამ 5 ქვეყნის მოქალაქე 14 დღის განმავლობაში, ვიდრე ჩვენთან ჩამოფრინდებოდა, ისტორიაში აქვს მოგზაურობა ისეთ ქვეყნებში, სადაც ჩვენს ეპიდემიოლოგებს კითხვის ნიშნები აქვთ, მასაც ასევე ჩვენ ვთავაზობთ სავალდებულო PCR-ს და ეს ტესტი აუცილებლად უნდა ჩაიტაროს და თავად იხდის, აქედან გამომდინარე კონტროლი ხორციელდება. რატომ ხორციელდება უფრო მეტი კონტროლი ჩვენს ხარჯზე და თან საქართველოს მოქალაქეებზე, მარტივი პასუხია, ჩვენ ვალდებული ვართ, მეტი სიფრთხილე და მეტი ზრუნვა გამოვიჩინოთ საქართველოს მოქალაქის მიმართ. ნურავინ მიიღებს ამას რაღაც სხვაგვარად, ეს არ არის ვინმეს უფლებების შეზღუდვა”, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის. მათ მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი საჰაერო გზით შეეძლებათ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება.
გარდა ამისა, პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დაასახელა ის ქვეყნებიც, რომლებიც საქართველოს საზღვრებს არ, ან კონკრეტული პირობებით უხსნიან.