ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ამბობს, რომ დასავლური კურსის შესახებ მეუფის განცხადება კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
როგორც მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, მეუფე ანტონის ქადაგება არ იყო სწორად გაგებული.
„ევროპულ ღირებულებებზე კი არ არის საუბარი, რასაც მეუფე ანტონი ამბობს, არამედ იმ ევროპული ღირებულებების პროფანაციაზე, გაყალბებაზე, ტრანსფორმაციაზე, რაც ჩვენ ხშირად გვესმის ტელევიზიებიდან. მე მინდა გკითხოთ - თავიდან ბოლომდე მოისმინეთ? თუ მოისმინეთ, მიკვირს, რომ ამას ამბობთ. მეუფე ანტონი ევროპულ კურსში კი არ დაეჭვდა - ის არის აღშფოთებული, რატომ მოდის ამდენი სიძულვილი და ღვარძლი. დღევანდელი თქვენი საუბარიც ამის გაგრძელებაა. მეუფე ანტონმა თქვა, რომ დააყენებს სინოდზე ევროპული ორიენტაციის საკითხს კი არა, ყურადღებით მოისმინეთ. პირდაპირ რომ ამბობს, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
შეგახსენებთ, რომ მეუფე ანტონმა ქადაგებისას განცხადება გააკეთა იმის შესახებ, უნდა გადაეხედა თუ არა ქვეყანას ევროატლანტიკური კურსისთვის.