logo
ENG



მეუფე ვახტანგი დაკავებულ კარტოგრაფებზე: ქვეყანას ემსახურებოდნენ, არ შეიძლება, ასე გავწიროთ

14 ოქტ 202009:45
3 წუთის საკითხავი
 

ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი ამბობს, რომ არ შეიძლება, გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები "ასე გავწიროთ","ვიღაცების გაუაზრებელი მითითებებით". მანვე თქვა, რომ "ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა" და თავად "ასე სწამს". ამის შესახებ მან დღეს, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის წირვაზე შესვლამდე, ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეიძლება, ასე გავწიროთ, ვიღაცების ასე გაუაზრებელი მითითებებით, თუ რას აკეთებენ, არ ვიცი. არ ვიცი, ვინ მიიყვანა ეს ხალხი ასეთ ზომამდე. ჯერ არაა გადაწყვეტილი ეს საკითხი და რატომ ღელავს ეს ხალხი, არ ვიცი. შეიძლება იყოს კიდეც [პოლიტიკური კონტექსტი].

გამოძიებას თუ უნდა ჭეშმარიტების დადგება, ესეც გაირკვევა მოკლე დროში. მე ასე მწამს, რომ ეს ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა. დაამტკიცებს დრო. 2-ში, 3-ში გაირკვევა ყველაფერი", - თქვა მეუფე ვახტაგმა.

მეუფე ვახტანგმა, ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერს "გაარკვევს და გადაწყვეტს" არჩევნები:

"კმარა ასეთი ცხოვრება. ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაზე, ეროვნული ღირსებით, რომელიც რაღაცას გააკეთებს".

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები".

რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".


close დახურვა