ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ დღეს ეპარქიაში ვითარება ჟურნალისტებმა გაამწვავეს და სასულიერო პირებმა მოუწყვეს შეთქმულება. მეუფე სტეფანეს თქმით, სწორედ მათ მოიყვანეს ის ხალხი, რომელმაც ჩხუბი დაიწყო.
"სასულიერო პირებს შორის დღეს იყო კრება. მოწვეული იყო ყველა, ვისაც უნდოდა კითხვების დასმა. ყველას მოვუსმინე. პასუხების გაცემის დრო რომ დადგა, პასუხების გაცემის საშუალება არ მომცეს. ჟურნალისტებმა გაამწვავეს ვითარება და შემოიჭრნენ შიგნით... არ მომისმინეს. ის ხალხი რომ ყვირის, მათ შეთქმულება მოაწყვეს, სპეციალურად მოიყვანეს ეს ხალხი, რომ ჩხუბი ყოფილიყო. არ ვაპირებ (ეპარქიის დატოვებას)", - აცხადებს მეუფე სტეფანე.
დღის ბოლოს, ინციდენტზე კომენტარი გააკეთეს საპატრიარქოშიც. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ეპარქიის ახალ მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ჯაღმაიძის შეფასებით, ის რაც დღეს ეპარქიაში მოხდა, "არის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა" და "თავხედობა".
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამან მრევლისა და მღვდელმსახურების პროტესტი გამოიწვია და მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნული კრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შეკრებილების მოთხოვნა იყო, გაირკვეს სიმართლე მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ მსახურების საკითხს. პროტესტის დროს სამღვდელმთავრო რეზიდენციის აივნიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და დაშავდნენ. მათ შორისაა ფორმულას ოპერატორი.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო.