ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ხვალ, დილის 06:00 საათიდან იზოლაციაში მოექცევა და დამატებით შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები გატარდება. მიზეზი კორონავირუსის ახალი შემთხვევებია. ამის შსახებ ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე საქართველოს პარლამენტის ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ავრცელებს.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა სოფლებში მუშევანსა და გეტაში, სადაც დღეს კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან, ამ დროისათვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში. სწორედ ამ სოფლებს უკავშირდება დღეს გამოვლენილი COVID-19 -ის 15 შემთხვევა (გეტა-8;მუშევანი-7), აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში, გუშინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად და დაავადების გამოსავლენად.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები, ხოლო ხვალიდან, დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტაც და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები. აქვე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფიცირების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა",- წერს მეშველიანი.