პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მათთვის შეხვედრა ინფორმაციული იყო.
როგორც „ემ კვადრატის“ წარმომადგენელი, ირაკლი ბურდილაძე ამბობს, შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საკარანტინო ზონებად ფართების გამოყოფაზე - მსჯელობა მხოლოდ თანამშრომლების უსაფრთხოებას ეხებოდა.
„კარგი ინფორმაცია მივიღეთ, რომ მთავრობა მუშაობს დონორ ორგანიზაციებთან დაფინანსების პაკეტის მოსაზიდად - ეს ჩვენს ეკონომიკას წაადგება, აქცენტები გაკეთდება ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებაზე. გარდა ამისა, კომპანიებმა წარმოადგინეს სამოქმედო გეგმები - მთავარია ისაა, რომ ვიზრუნოთ თანამშრომლების ჯანმრთელობაზე. ჩვენს კომპანიას გაწერილი აქვს სამოქმედო გეგმა - არ ჩერდება მშენებლობები, თუმცა ახალი წესებით მიმდინარეობს. არ ყოფილა საუბარი საკარანტინო ზონებად ჩვენი კორპუსების გამოყენებაზე", - ამბობს ირაკლი ბურდილაძე.
„არ-ემ-ჯი გოლდის“ წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ კომპანია რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩამოყალიბდება კონკრეტული პირობები, რათა გაააგრძელოს კომპანიამ ოპერირება. „არ-ემ-ჯი გოლდი" მარნეულში ოპერირებს.
„გამოცხადებული კარანტინული მდგომარეობის გამო ჩვენი კომპანია გაჩერებულია. პრემიერი შეგვპირდა, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მუშაობის გაგრძელებას. მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა. ჩვენ ვმუშაობთ ღიაკარიერული წესით - ოფისში მხოლოდ მენეჯმენტია დარჩენილი, სხვა ყველა დისტანცირებულ მუშაობაზეა გადასული", - აცხადებს კახა მჭედლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან რვა პაციენტი გამოჯანმრთელებულია. კარანტინში კი იმყოფება 3320 ადამიანი. მარნეულსა და ბოლნისში კი კარანტინია გამოცხადებული.