აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთუ მილერის განცხადებით, საქართველოში წარდგენილი კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ მკვეთრად განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც შეერთებულ შტატებშია.
"განსხვავება კანონების არსშია, როდესაც თქვენ ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს შეხედავთ, თქვენ ნახავთ, რომ ის ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს, ასრულებს ჰუმანიტარულ სამუშაოს ან სამოქალაქო საქმიანობას ეწევა. ეს ძალიან განსხვავებული რამ არის. მსგავსი ცრუ შედარებები წარსულშიც მინახავს.
როდესაც შეხედავთ საქართველოში წარდგენილ კანონს, ან კანონებს, რომლებიც კრემლის გავლენით სხვა ქვეყნებში არის მიღებული, ისინი მკვეთრად განსხვავდებიან იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ, შეერთებულ შტატებში გვაქვს", - თქვა მილერმა.
ამასთან, გუშინ ბრიფინგზე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მიერ ინიციირებული რუსული კანონი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის. მისივე თქმით, კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ქვეყანას სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს.