logo
ENG



მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს

22 ივნ 202011:50
3 წუთის საკითხავი
 

მიმდინარე კვირის მანძილზე პარლამენტში გიორგი გახარიას ელიან. პრემიერ-მინისტრი დეპუტატებს საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მთავარი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც გიორგი გახარიასთან კითხვები ექნებათ, პანდემიით გამოწვეული კრიზისია.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარლამენტში პრემიერის წინა ვიზიტის დროს, მათ პასუხი ეკონომიკურ ჭრილში დასმულ ვერც ერთ კითხვაზე მიიღეს.

„მთავარი საკითხი რაზეც წინა მოსვლისას პრემიერ-მინისტრის ვერ მივიღეთ პასუხი და რა პასუხიც მივიღეთ იყო პირდაპირი სიცრუა, არის ამ პანდემიის დროს და ისედაც რა ეკონომიკურ კრიზისშიც ვიყავით, ივანიშვილის მთავრობის გათვლა რომ არ შეუმსუბუქოს წნეხი მოქალაქეებს, მეწარმეებს ჩვენ ოჯახებს. ივანიშვილს უნდა რომ როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს ისე გვექცეოდეს რომ თქვენზე ჭკვიანები ვართ, თქვენ ფულს ჩვენ თქვენზე უკეთ მოვიხმართ. ეს არის მთავარი საკითხი და სანამ არ დავძრავთ თემას, მანამდე მუდმივი წნეხის ქვეში იქნება ლეგიტიმური კითხვებით ეს სამარცხვინო მთავრობა კიდევ რამდენიმე თვე სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან.“,-აცხადებს გიგა ბოკერია.

დამოუკიდებელ დეპუტატს, თამარ ჩუგოშვილს კი მოლოდინი აქვს, რომ წლიური ანგარიშის ჩაბარებისას, აქცენტი ქვეყნის უსაფრთხოებასა და საქართველოში რუსეთის როლის გაზრდასთან დაკავშირებითაც გაკეთდება.

„საქართველოს პარლამენტს პირველად აქვს ამ ფორმატით შესაძლებლობა, რომ მოისმინოს წლიური ანგარიში. საკითხები შეიძლება იყოს ამოუწურვადი, შეიძლება შეეხებოდეს ნებისმიერ თემას, როგორც ეკონომიკას, უსაფრთხოებას, 20 ივნისის თემებს, პანდემიის მართვას და ა.შ. ძალიან ბევრი თემის განხილვა იქნება ალბათ. მე ველოდები, რომ ყველაზე მეტად საუბარი იქნება ეკონომიკურ თემებზე, იმიტომ რომ ჩვენ პანდემიიდან გამომდინარე გველის სერიოზული ეკონომიკური კრიზისი და ალბათ მთავარი კითხვები სწორედ აქეთ იქნება მიმართული. მე ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასთან და რუსეთის როლის ზრდასთან დაკავშირებით იყოს სერიოზული შეკითხვები, თუმცა შეიძლება ბევრი სხვა თემა გამოჩნდეს საინტერესო პარლამენტის წევრებისთვის“,-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

 


close დახურვა