მინეაპოლისში, სადაც ბოლო სამი დღეა საპროტესტო აქციები იმართება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები განალაგეს. მოსახლეობა პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებს, რომელსაც აფროამერიკელი მამაკაცი ემსხვერპლა. 46 წლის ჯორჯ ფლოიდი დაკავების დროს დაიღუპა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოყვა. დემონსტრანტებმა დაარბიეს მაღაზიები, პოლიციის შენობას კი ცეცხლი წაუკიდეს.
დღევანდელი არეულობისას მინეაპოლისში სიენენის გადამღები ჯგუფი დააკავეს. ჟურნალისტი, ოპერატორი და პროდიუსერი პირდაპირი ეთერის დროს აიყვანეს. სამივე მალევე გაათავისუფლეს, თუმცა შტატის გუბერნატორს არხისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია.
მინეაპოლისის გარდა ხმაურიანი აქციები ქვეყნის არაერთ ქალაქში გაიმართა. პოლიციელების მხრიდან ძალადობა გააპროტესტეს ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, ფენიქსში, მემფისსა და დენვერში, სადაც მიტინგის დროს მანქანა დემონსტრანტებში შევარდა, თუმცა ინციდენტის დროს არავინ დაშავდა
ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე 4 პოლიციელიდან სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ერთის წინააღმდეგაა აღძრული, დანარჩენებს სამსახური დაატოვებინეს. გარდაცვლილის ოჯახი მათი მკვლელობის მუხლით გასამართლებას მოითხოვს.