ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ სტიქაროსნებს ამბროსი ხელაიას სახელობის სასულიერო გიმნაზიის ყოფილი თანამშრომელი ტაძრიდან გააძევებინა.
მაია ცაავას უნდოდა, მღვდელმთავრისთვის მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ეკითხა, თუმცა, ამის საშუალება არ მიეცა.
მაია ცაავა ფორმულასთან მეუფე სტეფანეს მოძალადედ მოიხსენიებს. როგორც ყვება, მიტროპოლიტის გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ქალი თავისუფალ დროს მამა დანიელს - მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილ სასულიერო პირს მოხუცებთან მუშაობაში ეხმარება.
"ეგ მეუფე კი არ არის, ეგ არის მოძალადე ადამიანი. გამომაგდო ტაძრიდან, არ მაცალა ლაპარაკი". - თქვა ცაავამ.
მისივე თქმით, უკმაყოფილება თავდაპირველად მის მიერ ხელფასის მომატების მოთხოვნით დაიწყო.
"გიმნაზიაში მზარეული ვიყავი. გრიგოლ კაციას დროს ხელფასი 100 ლარით გაგვეზარდა, თუმცა, მიტროპოლიტი სტეფანეს შემდეგ ის 100 ლარი ისევ დაგვაკლეს. ვითხოვდით მომატებას. რამდენჯერმე მოგვატყუეს. ამის გამო ამოვიღე ხმა. ამის გამო მან მოითხოვა ბოდიშის მოხდა. პირადად მისთვის ითხოვდა ბოდიშის მოხდას. სხვებმა ეს გააკეთეს. მე სტეფანეს ბოდიშს არ მოვუხდი, არაფერი დამიშავებია. მითხრას, რას ვაშავებდი". - ამბობს მაია ცაავა.
ცაავა, ბრძანების მიხედვით, სასულიერო გიმნაზიიდან 19 ივნისს გაათავისუფლეს, თუმცა დოკუმენტი 1 თვის დაგვიანებით ჩაბარდა, რათა, როგორც თვითონ ამბობს, ვერ ესარგებლა გასაჩივრების უფლებით.
"არ გავუფრთხილებივარ, ხელფასის ასაღებად წავედი მარტვილში და ასეთი ვითარება დამხვდა. გასაჩივრებას არ ექვემდებარება". - ამბობს ქალი.
ფორმულა შეეცადა, სასულიერო გიმნაზიის დირექტორს, თორნიკე პირტახიას გასაუბრებოდა. თუმცა, ის გადამღებ ჯგუფს ადგილზე არ დახვდა, მის ტელეფონს კი სხვა პასუხობს.
ფორმულა დაუკავშირდა მიტროპოლიტ სტეფანესაც, თუმცა, მან არხის მიმართ აგრესიული კომენტარი გააკეთა და მომხდარზე არ ისაუბრა.