logo
ENG



მნიშვნელოვანია ეკონომიკური პაკეტები - ოპოზიციას საგანგებო მდგომარეობაზე კითხვები აქვს

21 მარ 202017:16
3 წუთის საკითხავი
 
t9tyeulgz4tku7p.jpg

ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს, თუმცა კითხვის ნიშნები მაინც აქვს. ხელისუფლების ოპონენტები, მთავრობისგან მეტ განმარტებას და სამოქმედო გეგმის წარმოდგენას ითხოვენ. გარდა ამისა, მათ სურთ იცოდნენ ისიც, თუ რა მოხდა ამ 2 დღის განმავლობაში ისეთი, რამაც მთავრობას ეს გადაწყვეტილება მიაღებინა. 

"მნიშვნელოვანია ეკონომიკური პაკეტები, რას სთავაზობს მთავრობა იმ ადამიანებს, ვინც არ გადის სახლიდან", - აღნიშნავს ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები საკმაოდ ზოგადია, ამიტომ ისინი ელოდებიან მეტ კონკრეტიკას ამ საკითხთან დაკავშირებით. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ კონკრეტული აღსრულების მექანიზმი შეიმუშაოს.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, ირაკლი კობახიძის თქმით, საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ ამოქმედებულა, თუმცა არსებობს მზაობა, რომ პარლამენტი დღეს მას მხარს დაუჭერს. 

"საგანგებო მდგომარეობა ცხადდება პრეზიდენტის მიერ პრემიერის თანახმად, თუმცა ის გამოცხადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა ისინი ხელს მოაწერენ აქტს. აქტის გამოსაცემად კი პარლამენტი უკვე დღეს იკრიბება და გვაქვს მოლოდინი, რომ მას ექნება სრული მხარდაჭერა. მიზანია კორონავირუსთან ბრძოლა და შემდგომი გავრცელების პრევენცია, ამიტომ მასში გაწერილია შესაბამისი ზომები. მათ შორის იზოლაცია, გადაადგილება, ფასების რეგულირება და ა.შ. ასევე შეკრების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.


close დახურვა