ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია პროევროპული და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების გაერთიანება.
პარტიის პოზიციის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არიან ყველანაირი დიალოგისთვის.
ხაბეიშვილი ასევე მიესალმება ლელოს პოზიციას პარტიებს შორის თავდაუსხმელობაზე.
"ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად დაარღვია კონსტიტუცია, ცვლიან საქართველოს საგარეო კურსს.
ენმ-ის პოზიციაა, მოდი, ღიად და პირდაპირ ვთქვათ, ყველანაირი ხაზები, პროქართულ, პროდასავლურ, პროევროპულ პარტიებს შორის ფაქტობრივად აღარ არსებობს. ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, ქვეყანა გადასარჩენი, ჩვენი შვილების ევროპული მომავალი დასაცავი, ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, ვგულისხმობ, პროევროპულ, პროდასავლურ, პროქართულ, პროეროვნულ პარტიებს, ჰქონდეს არათუ მჭიდრო თანამშრომლობა და არათუ მხოლოდ საერთო სტრატეგია, არამედ სრულიად ოპოზიცია გაერთიანდეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.
ჩვენ მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის, ყველა სახის დიალოგისთვის და ჩვენ გვესმის, რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული ბრძოლა. ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა, მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა"- თქვა ხაბეიშვილმა.
ლელო გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, რომელშიც მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება პრეზიდენტთან მჭიდრო კოორდინაცია.
პარტია აცხადებს მორატორიუმს და ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს ურთიერთთავდაუსხმელობისკენ.