logo
ENG



მოსამართლე ადვოკატებს პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზეც უარს ეუბნება

10 ნოე 202115:11
3 წუთის საკითხავი
 
მოსამართლე ადვოკატებს პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზეც უარს ეუბნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 

ხელისუფლება მას 7 ნოემბერს აქციის დაშლას და იმედის დარბევას ედავება. 

სხდომას არ ესწრება მიხეილ სააკაშვილი - იუსტიციის სამინისტრომ მას ამის უფლება არ მისცა. ექსპრეზიდენტს არ ეძლევა სხდომაზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართვის საშუალებაც. 

ადვოკატები უკვე ერთ საათზე მეტია, მოსამართლეს ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. თუმცა, მოსამართლე ნინო ელიეშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრება მომდევნო სხდომაზე შეეძლება. 

სასამართლოს დარბაზში ხმაურია. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩართვაზე შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა ნიშნავს, რომ სასამართლო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე არის ხელმომწერი.

"ადამიანის უფლებების პრიზმაში როცა უყურებთ ამ საქმეს, ადამიანის ღირსების უფლებაზე როცა მიდის ლაპარაკი, რომელიც ყველა სხვა უფლების ამოსავალი წერტილია, ხომ ამბობთ, რომ არ შეიძლება, ადამიანის გარეშე ჩაატარო პროცესი და მისი ბედი გადაწყვიტო. თქვენ ხომ ჩემზე უკეთესად გესმით ის გარემოებები, რომელიც ამ საქმეშია და რომელიც ზუსტად იმას მიუთითებთ, რომ ეს არის სპექტაკლი, რასაც თქვენ და ბრალდების მხარე აკეთებს". - თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. 

სხდომაზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდება სასამართლოში, ამასთან, შესაძლებელია, პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე. 

"მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ". - თქვა პროკურორმა. 

დაცვის მხარემ ამ შუამდგომლობას ფარსი უწოდა. 

"შიმშილობით სულს ხდით და სასამართლოს უფლებას ართმევთ. კაფკას პროცესი მოაწყვეთ აქ". - თქვა გიგი უგულავამ, რომელსაც პროცესისთვის ხელის შეშლის მიზეზით სხდომა დაატოვებინეს. 

7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად სწორედ გიგი უგულავა ფიგურირებს, ისევე, როგორც დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა, შიმშილობს. 8 ნოემბერს ის მოტყუებით გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 საავადმყოფოში. მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეუყრაცხყოფა და მოუწყვეს ე.წ შუმოკი - პატიმრებმა ერთხმად აგინებს და როგორც ადვოკატი და სახალხო დამცველი ამბობენ, გინების ხმა ექსპრეზიდენტის საკანში ახლაც ისმის. 

საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, Amnesty International განაცხადა, რომ ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, არის არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარად პოლიტიკური შურისძიება. 


close დახურვა